დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა, ამის შესახებ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სებმა 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და დღეისათვის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
„ინფლაცია, მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელიც შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება - წლიურმა ცვლილებამ ნოემბერში 1.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტია. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება“, - აცხადებენ სებ-ში.
უახლესი