დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურებიდან გენერაციას 29 მგვტ შეემატა - სემეკი

2023 წელს ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა, ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურებიდან გენერაციას 29 მგვტ შეემატა - სემეკი

30-05-2024 15:00:00

2023 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 1%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

მარეგულირებლის ცნობით, 2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ერთი 20.3 მგვტ-იანი და 6 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 8.7 მგვტ.

სულ 2023 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების დადგმულმა ჯამურმა სიმძლავრემ შეადგინა 29 მგვტ.

„2013-2023 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.7%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული“, - წერია სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2023 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2013-2023 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა.

„ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილი 2022 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 2%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 1.5-ჯერ გაიზარდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 23.4% შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა აღნიშნულ სტრუქტურაში 76% შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო 2020 წლის შესაბამის მონაცემს 6.2%-ით ჩამოუვარდება, 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა კი 0.6% შეადგინა“, - აცხადებენ სემეკში.

ირკვევა, რომ 2023 წელს საჯარო მომსახურების გამწევი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა ჰიდროელექტროსადგურების ჯამურად გამომუშავებულ ელექტროენერგიაში შეადგინა 39%, დანარჩენი ნაწილობრივ დერეგულირებული მწარმოებლების გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა – 27.3%, დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგურების წილმა – 33.5%, რომელშიც 15 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილია 71.2%, ხოლო მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების – 28.8%.

„2023 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (51%) ელექტროენერგიის რეგულირებული მიმწოდებელი კომპანიებია (უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და საჯარო მომსახურების მიმწოდებელი) წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წინა წელს შესაბამისი მონაცემი 46%-ს შეადგენდა. პირდაპირი მომხმარებლების წილი 26%-დან 21%-მდე შემცირდა, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 21% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის პარალელურად სულ უფრო მეტი კომპანია გადის რეგულირებული მიმწოდებლის მომსახურების სფეროდან თავისუფალ ბაზარზე, 2023 წელს ელექტროენერგიის საჯარო მიმწოდებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილი გაიზარდა და პირდაპირი (მსხვილი) მოხმხმარებლების წილი შემცირდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე უმსხვილესი მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი შემცირებით. ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარებისა (შემდგომში - ს/მ) და ქსელური კომპანიების დანაკარგების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი 2020 წლის შემდეგ 2%-დან, 2021 წელს - 5%-მდე, 2022 წელს - 8%-მდე, ხოლო 2023 წელს - 9%-მდე. აღნიშნულის მიზეზი საქმიანობის განცალკევების შემდეგ გადამცემი კომპანიის გარდა გამანაწილებელი კომპანიების მაჩვენებლების დამატებაა“, - აცხადებენ სემეკში.

2023 წელს ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობა 2022 წლის იმავე მონაცემთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა, ხოლო ექსპორტი იმავე პერიოდში დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა და 1,468 გვტ.სთ შეადგინა.


მსგავსი სიახლეები