2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა, რაც 13.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.1 დღე შეადგინა (2021 წელს - 6.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 167.2 დღე (2021 წელს - 201.2 დღე).
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15.2 მილიონს გაუტოლდა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.0 ათასი.
წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 პროცენტით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36.0 პროცენტით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3 პროცენტით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9.0 პროცენტით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.
2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 პროცენტით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა.
2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).
2022 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.
უახლესი