2024 წელი ნამდვილად დატვირთული წელი იყო, ასე აფასებს საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე გასულ წელს. სოსო გიორგაძემ, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო, დეტალურად ისაუბრა გასულ წელს უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ეს იქნებოდა რეორგანიზაცია თუ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უწყების და ზოგადად ამ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იყო.
„რაც შეეხება საქპატენტის საქმიანობას, 2024 წელი იყო ნამდვილად დატვირთული წელი. განსაკუთრებით პირველი ეტაპი იყო საკმაოდ საინტერესო საკანონმდებლო ცვლილებებით. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ეხებოდა შეცვლილია და მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმები, მათ შორის 2023-2024 წლებში ჩატარდა რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა მთიანად განახლებას. იმიტომ, რომ ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც მოიცავს ახალ ტექნოლოგებს მუდმივად მზარდი დარგია და მას სჭირდება მუდმივად თან მიყოლა, მინიმუმ იმისთვის, რომ არ ჩამორჩე საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ერთ წელიწადში ამდენი ცვლილება ხორციელდება და რამდენიმე რეფორმა ერთდროულად მიმდინარეობს, არც თუ ისე ადვილია მიზეზების სრულყოფილად ახსნა, მაგრამ მიზანი ყოველთვის უნდა იყოს მკაფიო. მიზეზი შესაძლოა ყველასთვის ნათელი არ არის, მაგრამ მიზანი ყველასთვის მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ.
მთავარი, უპირველესი მიზანი საქპატენტის საქმიანობის ეს არის საქართველოში ინტელექტზე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. რა თქმა უნდა საქპატენტი ცდილობს, რომ ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, იმიტომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ცალსახად ხაზს უსვამს, რომ სწორედ ცოდნაზე და ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკა არის წამყვანი მთელს მსოფლიოში. ზოგადად, ყველაზე მდგრადი ეკონომიკებიც სწორედ ინტელექტსა და ცოდნას ეფუძნება, ჩვენ ვიცით, რომ სადაც აქვთ ნავთობი და გაზი აქვთ შესანიშნავი ეკონომიკა, არსებობენ ქვეყნები ვისაც უფრო მეტი ნავთობი და გაზი აქვთ, მაგრამ ცუდი ეკონომიკა აქვთ. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ გარანტია სრულად არ არის ბუნებრივი რესურსების ფლობა. მთავარია მისი სწორად ადმინისტრირება, ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის, რასაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან და დოლართან ისევ გამყარდა