„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აცხადებს, რომ ფოთის ნავსადგურის გაფართოების გეგმა წლების უკან იყო შემუშავებული, თუმცა ახალი მფლობელის ხელით მისი რეალიზება ჯერჯერობით არ მომხდარა.
„ფოთის ნავსადგურს მე ვხელმძღვანელობდი ყველაზე რთულ პერიოდში 1997 წლიდან 2004 წლამდე და რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ იმ დროს, რომ მოგვეხდინა გადაიარაღება: ამწეების, ტექნიკის, რთული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩავატარეთ, მაგრამ იმ გაზრდილი მოთხოვნისთვის, რომელიც დღეისათვის წარმოიშვა საკმარისი არ არის.
2000 წლის დასაწყისში იაპონიის მთავრობამ დააფინანსა კვლევა ახალ ნავსადგურთან დაკავშირებით და მოამზადა წინასაპროექტო სამუშაოები, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ახალმა მფლობელმა APM Terminals-მა, რომელიც არის Maersk-ის ჯგუფის შვილობილი კომპანია.
სამწუხაროდ, მათ ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგეს ახალი ნავსადგურის მშენებლობის თვალსაზრისით. მათი აქტივობა ძირითადად გამოიხატებოდა იმ დროს, როდესაც მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით. მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ახალი პორტის მშენებლობის სურვილი აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ მათ კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამთ. ალბათ დაგვიანებულიცაა“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში APM Terminals Poti-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას ეიპიემ ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
„ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში.
პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას. პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე ShipTo-Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც ეიპიემ ტერმინალს ფოთი შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს ფოთში შემოსულ გემებს.
ამავდროულად, პროექტის განხორციელება, ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 000 TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს. „ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით,“ - ამბობს ხულიან ფერნანდესი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მმართველი დირექტორი.
გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდება, ეტაპობრივად, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.
„ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან ეიპიემ ტერმინალსი სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება,” - დასძინა ხულიან ფერნანდესმა.
გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას.
2 Classification: Public პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა.
მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 36 თვეში, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეწყობაზე, რათა დროულად მივიღოთ ყველა აუცილებელი ნებართვა.
ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის წილთა 100%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს APM Terminals B.V. ეიპიემ ტერმინალსი არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 62 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის და ტერმინალის ოპერირებას მსოფლიოს 35 ქვეყანაში. APM Terminals-ი 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას მისი შვილობილი კომპანიის სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მეშვეობით. ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. ეიპიემ ტერმინალს ფოთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
უახლესი