დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება

გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება

29-05-2023 16:52:44

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

თბოსადგურის ასაშენებლად, აუქციონის შედეგად, შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა.

მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიახლის შესახებ, მედიასთან, დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა.

„ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული.

„როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდზე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები