დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგოკომპანიებში ქვედა რგოლის კადრების დეფიციტია - ექსპერტის შეფასება

ენერგოკომპანიებში ქვედა რგოლის კადრების დეფიციტია - ექსპერტის შეფასება

28-04-2023 14:08:57

ენერგოკომპანიებს კადრებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა აქვთ. მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად უცხოელ ინვესტორებს ძირითადად თვითონ უწევთ ამ დანაკარგის შევსება.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, ენერგეტიკოსი გია არაბიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, დეფიციტურია ქვედა რგოლის ყველა კადრი - ქვესადგურის მორიგეები, პროექტანტები, მორიგე ოპერატორები, მექანიკოსები და სხვა. ეს პრობლემა მწვავედ დგას სექტორში.

„კომპანიებში ქვედა რგოლის კადრების უმეტესობა ხანდაზმულებია, ამიტომ სპეციალისტების გადახალისების საკითხი საკმაოდ პრობლემურია. აუცილებელი საჭიროებაა, რომ პროფესიული მომზადების ხარისხი გაუმჯობესდეს. მთელი რიგი პროცედურაა, ეს არის როგორც ენერგოკომპანიის მოთხოვნა, ასევე განათლების სამინისტროს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთობლივი პრობლემა. სწორედ მათი ძალისხმევით უნდა დაინერგოს საქართველოში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები ენერგეტიკის სექტორისთვის.

კადრების გადამზადებას ახდენენ ენერგოკომპანიებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა იყოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული, რათა კურსდამთავრებულს სახელმწიფო სერტიფიკატი გადაეცეს“, - ამბობს გია არაბიძე. ენერგეტიკოსის თქმით, განსაკუთრებით პრობლემაა განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით, რა მხრივაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და კადრების გადამზადების მიზნით სპეციალური პროგრამა მომზადდა.

„ოთხი პროგრამა უკვე გაკეთდა და ამდენიც დაემატება. ეს არის განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების მოწყობილობების მემონტაჟე, საუბარია ჰიდროელექტრო სადგურებზე, მზის თბოელექტრო სადგურებზე, ენერგო ეფექტურ ღუმელებზე და სხვა, სადაც მემონტაჟეები სჭირდებათ. გადაიდგა ნაბიჯი, გაკეთდა პროგრამა და პირველი ნაკადი, 35 სპეციალისტი, უკვე გამოუშვეს. სამწუხაროდ, პროფესიულ განათლებაზე მთელ საქართველოში არის დეფიციტი. უცხოელი ინვესტორი რომ შემოდის ქვეყანაში, პირველად კითხულობს, რამდენი ჰყავთ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომლებსაც შეუძლიათ პირობითად, მზის ელექტროსადგურის მონტაჟი. თუ შესაბამისი კადრი არ ჰყავთ, უკვე თვითონ ჩამოჰყავთ. ამიტომ არის გააქტიურებული პროფესიული გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა“, - ამბობს არაბიძე Business Insider Georgia- თან.

ენერგეტიკოსის ინფორმაციით, ენერგეტიკულ სექტორს ყოველწლიურად 150-მდე ბაკალავრი და დაახლოებით 60 მაგისტრი ემატება, რაც არასაკმარისია, მაგრამ იმდენი მაინც არის, რომ ბაზარზე მწვავე დეფიციტი არ შეიქმნას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები