ავიაციის სააგენტომ რუსულ Azimuth-ს და Red Wings-ს ახალ მიმართულებებზე ფრენის ნებართვა მისცა, -ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელება ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ამ დროიდან, ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე.
ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი - თბილისი - მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი - თბილისი - სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. ხსენებული მიმართულებებით ოპერირებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვები გაიცა, რადგან ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით. ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით.
ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში.
ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იგივე თემაზე:
უახლესი