2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 24 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, აღნიშნული, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.
„ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას, ასევე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. აუდიტის შედეგების საფუძველზე სამსახური გასცემს დასკვნას ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე. საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გარკვეული გამოწვევებით მიმდინარეობს.
ამ სფეროში არსებულ სისტემურ ნაკლოვანებებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ფინანსურ აუდიტებში გაცემული მოსაზრებების10 სტატისტიკა, რომელიც აფასებს საჯარო უწყების მიერ წარმოებული ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეს.
2022 წელს სამსახურის მიერ ჩატარებული 14 ფინანსური აუდიტიდან, უპირობო მოსაზრება გაიცა მხოლოდ 2 შემთხვევაში, პირობითი მოსაზრება − 6 შემთხვევაში, ხოლო მოსაზრებების 43% (6 მოსაზრება) იყო უარყოფითი.
ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით 2018-2022 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 77 აუდიტიდან, 74-ში გაცემულია პირობითი ან უარყოფითი მოსაზრება;
მხოლოდ 3 აუდიტის შემთხვევაში გამოითქვა უპირობო მოსაზრება, ანუ აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთერთი პრიორიტეტია სახელმწიფო სახსრების მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.
აღნიშნული მიზნით 2009 წლიდან დაიწყო საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვას.
მიუხედავად რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მრავალი აქტივობისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით ისევ შეინიშნება სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უახლესი