23-24 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ მასპინძლობს.
ფორუმი, რომელიც მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს აერთიანებს, KIU-ს ორგანიზებითა და TUM International-ის პარტნიორობით ხორციელდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძე აღნიშნა, ბიზნეს ფორუმს 100-მდე დელეგატი ეყოლება.
„ბიზნეს ფორუმი ეძღვნება განათლების სექტორის როლს ახალი ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის ერაში. წელს სპიკერები ჩამოდიან გერმანიიდან, აშშ-დან, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. გვეყოლება საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები და მომხსენებლები. ასევე, საქართველოდან ყველა ის ორგანიზაციაა მოწვეული, რომლებიც განათლების მიმართულებით და ზოგადად, ინოვაციების სექტორში მუშაობენ: მათ შორის, უნივერსიტეტები. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა.
მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ 2022 წლის ბიზნეს ფორუმმა საკმაოდ კარგი შედეგებით ჩაიარა და რამდენიმე პარტნიორულ ურთიერთობასაც ცაუყარა საფუძველი.
„2022 წელს ბიზნეს ფორუმი პირველად მოვაწყვეთ და ეს გახლდათ გერმანელი და ამერიკელი პარტნიორების ერთობლივი ღონისძიება. როგორც იცით, KIU-ს პარტნიორია გერმანიის წამყვანი ანტრეპრენერული და ინოვაციური უნივერსიტეტი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), ასევე ვთანამშრომლობთ აშშ-ის საელჩოსთან, რომელმაც 2022 წელს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. აშშ-ის მთავრობის დახმარებით მოეწყო ვიზიტი აშშ-ში, სადაც გავიცანით ჩვენი პოტენციური პარტნიორები და დავამყარეთ ახალი კონტაქტები, ვისთან ერთადაც ვაწყობთ ინოვაციების ფორუმს KIU-ში, ვავითარებთ ახალ პროგრამებს და მიმართულებებს უნივერსიტეტში.
2022 წლის ფორუმის შედეგად, KIU-ში კიდევ უფრო გაღრმავდა ინდუსტრიასთან თანამშრომლობა. წელს უკვე დავიწყეთ სტაჟირების პროგრამები, ასევე ხელი შეუწყვეთ KIU-ს სტუდენტების ინოვაციური იდეების განვითარებას, დავაფინანსეთ სტარტაპ აქსელერაციის სკოლა და სტუდენტების პროექტებმა გაიმარჯვეს მრავალ კონკურსში, მოიპოვეს რამდენიმე წარმატებული სტარტაპ პროექტის დაფინანსება. გარდა ამისა, ჩვენი ფორუმის მონაწილეებმაც, სწორედ ფორუმის ფარგლებში, დაიწყეს სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელება“,- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
KIU-ს კანცლერი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე სამყაროში ახალი ტექნოლოგიები რადიკალურად შეცვლის ჩვენს მომავალს. ამასთან, თუ რა როლი უნდა შეასრულონ უნივერსიტეტებმა მთავრობასა და ბიზნესთან თანამშრომლობით ამ მიმართულებით, ამ საკითხებზე სერიოზული დიალოგია დასაწყები.
„KIU 2020 წელს გაიხსნა, ამ პერიოდს დაემთხვა პანდემია და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ტექნოლოგიების გამოყენება, რადგანაც ჩვენ ჰიბრიდულ რეჟიმში მოგვიწია სასწავლო პროცესის წარმართვა.
უნივერსიტეტში დანერგილია ახალი ტექნოლოგიები და დღეს KIU ერთ-ერთი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე საუნივერსიტეტო ქალაქია საქართველოში.
ხელოვნური ინტელექტსა და ინოვაციებს ჩვენთან გერმანელი და ქართველი პროფესორები ასწავლიან. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ორი წელია ხელოვნურმა ინტელექტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. განათლების სექტორიც მომზადებული უნდა დახვდეს ამ ახალ გამოწვევასა და შესაძლებლობას. სწორედ ამ თემებზე იქნება საუბარი 23-24 ოქტომბერს ინოვაციების ფორუმზე“, - ამბობს KIU-ს კანცლერი.
საგულისხმოა, რომ KIU-ს მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერით, თავისი სტრატეგიითა და საქმიანობით, გეგმავს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად რეგიონი, ინოვაციების ჰაბად.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მესამე მისიაა ხელი შეუწყოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას რეგიონში და დააკავშიროს უნივერსიტეტი ინდუსტრიას. ამ მიზნით, KIU ყოველ წელს, შემოდგომაზე ინოვაციებით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს ინოვაციების ბიზნეს ფორუმს. ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ინდუსტრია, მთავრობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ჩართვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორებიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობა, სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა და მრავალი სხვა მიმდინარე და აქტუალური საკითხი.
წელს KIU-ს ინოვაციების ფორუმის მთავარი თემაა - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრა და დისკუსიები. ღონისძიება ორი დღე გასტანს და იგი KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქში ჩატარდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovation
უახლესი
8 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა