თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა და 50 000 ტონას მიაღწია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90%, ევროპაში გადის.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან ამბობს, ვინც კარგად მოუარა მოსავალს, კარგი ხარისხის თხილი მიიღო, თუმცა არიან ფერმერები, რომლებმაც აგროღონისძიებები არასწორად ან საერთოდ ვერ განახორციელეს, რადგან სახელმწიფო დახმარება არამიზნობრივად გამოიყენეს. ამან კი, როგორც თოდუა აღნიშნავს, ხარისხზე იმოქმედა.
დღესდღეობით პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი 7 ლარს აღწევს, საშუალო ხარისხის - 5-დან 6 ლარამდეა, რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, 3,5 ლარი ღირს, მთავარია, ხალხმა მოსავალი დროულად ჩააბაროს, რადგან უხარისხო თხილის გაფუჭების მაღალი რისკია.
„თხილის მოსავალი წელს 50 ტონას შეადგენს. ფასმა ცოტათი მოიმატა და გატეხილი თხილის გულის ღირებულება 14 ლარს აღწევს, როცა შარშან ამ დროს 11 ლარი ღირდა. ამ ეტაპზე საშუალო ხარისხის თხილის ფასი 5 ლარამდეა, პრემიუმ ხარისხის - 6,50-7 ლარის ფარგლებში მერყეობს. შეუწამლავი - 3,50 ლარის ფარგლებშიც შეიძლება გაიყიდოს, თუ მოასწრებენ ფერმერები და დროულად ჩააბარებენ.
პრემიუმ ხარისხის თხილი ადრე კახეთში უფრო მოჰყავდათ, მაგრამ წელს იქაც ნაკლებადაა. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90%, ევროპაში გადის. ვინც შეძლო და აგროვადებში ჩაატარა 5-6-ჯერ წამლობა, თუნდაც ასოციაციის გრაფიკით და სქემით, აქვთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს, რომ გაწეული დახმარება დარგის კეთილდღეობას მოხმარდეს და ყველა ოჯახამდე მივიდეს სარგებელი“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
ცნობისთვის, 2023 წელს თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს. პროგრამის ფარგლებში ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჯამში 43 ათას ჰექტარზე მეტი ბაღი დარეგისტრირდა.
უახლესი
3 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება17 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?22 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა