დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტერიტორიებს, სადაც ავტომობილების მფლობელებს ზამთრის საბურავების ქონა მოეთხოვებათ მთავრობა დაადგენს

ტერიტორიებს, სადაც ავტომობილების მფლობელებს ზამთრის საბურავების ქონა მოეთხოვებათ მთავრობა დაადგენს

13-11-2023 12:40:49

თუ რომელ ზონებში მოეთხოვებათ ავტომობილების მფლობელებს ზამთრის საბურავების მოხმარება ამას საქართველოს მთავრობა დაარეგულირებს.  როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, მაღალი რისკის რეგიონების დადგენას, სადაც მოდის დიდი რაოდენობით ნალექი და ზამთარში ნებისმიერი ტიპის საბურავით გადაადგილება სახიფათო იქნება, მთავრობა დაადგენს. 

„როდესაც ამ კანონპროექტზე ვმუშაობდით იყო სხვადასხვა ვერსიები, რომ ზოგადად დადგენილიყო ეს ვალდებულება და არ ყოფილიყო რაიმე შეზღუდვები. მაგრამ გვესმის ის წუხილი რაც გამოითქვა და მოქალაქეებისთვის რთულია. ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ უწევთ ქალაქიდან გასვლა და საერთოდ არ უწევდეს მაღალ მთიან ზონებში გადაადგილება, რატომ უნდა დავავალდებულოთ მათაც ზამთრის საბურავების ქონა. აქ საუბარია მხოლოდ ისეთ რაიონებზე, სადაც არსებობს მაღალი რისკი, რომ სადაც შეიძლება მოვიდეს მაღალი ნალექი და გადაადგილებისას შეიქმნა პრობლემა. ამ ზონებს კი რა თქმა უნდა დაადგეს საქართველოს მთავრობა. მოგახსენებთ, რომ თუ მაგალითად ბაკურიანში არ იქნება მსგავსი მოთხოვნა და ადამიანი წავა ზაფხულის საბურავებით ის არამარტო საკუთარ თავს და საკუთარ მგზავრებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზოგადად სხვა ადამიანებსაც. ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას არის საფრთხის შემცვლელი ისეთი ადგილებისთვის, სადაც მაღალი ნალექია“, - განმარტა საკომიტეტო მოსმენაზე  ალექსანდრე დარახველიძემ. 
მინისტრის მოადგილის თქმით, ზამთრის პერიოდში ასევე გამოუდეგარი იქნება ის საბურავები, რომელიც ერთდროულად გათვლილია ზამთრის ასევე ზაფხულის პერიოდზე. დარახველიძის თქმით, ასეთ საბურავებზე 
თავად მწარმოებელი ამბობს, რომ ის არ ანაცვლებს ზამთრის საბურავს.
შეგახსენებთ, რომ  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით,  განსაზღვრულ ზონებში ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ნორმების დამრღვევ პირს ფულად ჯარიმასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არაა აღჭურვილი შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. თოვლის და ყინულის გამო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოჭიდება მკვეთრად იკლებს, რაც მოძრაობის გართულების პირდაპირპროპორციულია. რიგ შემთხვევებში პრობლემას ქმნის არა მარტო უამინდობა, არამედ სატრანსპორტო საშუალების სათანადო აღჭურვილობის გარეშე გადაადგილებაც, რისთვისაც კრიტიკულად აუცილებელია ამინდის შესაბამისი საბურავები. საგულისხმოა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს
რეგულაციებს ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მაფრთხილებელ საგზაო ნიშანს − „მოლიპული გზა“, ასევე მიმთითებელ საგზაო ნიშანს − „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს რეგულაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი ზემოაღნიშნული ნიშნების მოქმედების არეალში. მოლიპული გზის პირობებშიც კი, საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს მძღოლს იქონიოს ზამთრის საბურავები. ხოლო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მითითებულ ნიშანთან მიმართებით, არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებზე, როდესაც
სატრანსპორტო საშუალების საბურავები არაა აღჭურვილი ჯაჭვით. ამასთან, არ არის განსაზღვრული საბურავების ვარგისიანობის ცალკეული სტანდარტები (მაგ.: „პროტექტორების“ სიღრმე და სხვა.). 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) და 119-ე მუხლს ემატება 21 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სანქციებს დაექვემდებარება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 5 ქულით.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები