სექტემბრიდან 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, მართვის მოწმობის აღება უფრო მეტ ადამიანს სურს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „ემსის“ დამფუძნებელმა დავით ოძელაშვილმა განუცხადა.
ავტოსკოლის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ავტოსკოლაში მოსწავლეების ზრდის დინამიკა ცნობიერების ამაღლებამ გამოიწვია.
„მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებს ქალაქში ავტომობილით გადადგილების ნაწილი დაემატა, ჩვენ ავტოსკოლას, ახალი მოსწავლეების რაოდენობა თითქმის სამჯერ იყო შემცირებული, თუმცა ახლა მოსწავლეების დინამიკა მზარდია. მართვის მოწმობის აღების მსურველებმა უკვე გაცნობიერეს, რომ ქალაქის კომპონენტი არ არის რთული. ამ დროისთვის 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ“, - აცხადებს დავით ოძელაშვილი.
ავტოსკოლა „ემსი“ შემოდგომის სეზონზე 20%-იან ფასდაკლების აქციას გეგმავს, ნოემბრის პირველ კვირაში 30%-იანს, ხოლო დეკემბრის ბოლოს 50%-იანს.
„მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსი შედგება სამი კომპონენტისგან - ესაა თეორია, ავტომობილით მოძრაობა მოედანსა და ქალაქში. ჩვენ სერვისში ყველაზე მოთხოვნადი ქალაქის სწავლება გახდა. რომელიც საკმაოდ რთულია. მოსწავლეებს უწევთ უფრო მეტი თანხა დახარჯონ, მეტი გაკვეთილი აიღონ და გამოცდაზე კარგად მომზადებულები გავიდნენ. აქვე თვალშისაცემია, რომ როდესაც ეს ცვლილება ამოქმედდა 2023 წლის 1-ელ აპრილს, გამოცდაზე გამსვლელები მოუმზადებელი იყვნენ. არ იცოდნენ სპეციფიკა და უფრო მეტი ადამიანი იჭრებოდა ქალაქის გამოცდაზე. დღეს მოსწავლეებს აქვთ უფრო მეტი ცოდნა. ქალაქის გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი შემცირდა. მანამდე 83% იჭრებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ნაკლებია“, - ამბობს დავით ოძელაშვილი.
რაც შეეხება სტატისტიკას, რომელსაც „ემსი“ აწარმოებს, როგორც ავტოსკოლის დამფუძნებელი ამბობს, მათი მოსწავლეების 96% თეორიას პირველივე ცდაზე აბარებს, პრაქტიკას მოედანზე 71%, ხოლო ქალაქში გადაადგილების გამოცდას 42%.
„ემსის“ ავტოსკოლაში მოედნის და ქალაქში მოძრაობის ერთი გაკვეთილის საფასური 40 ლარია, თეორია 90 ლარი ღირს.
„ემსი“ 11 წელია ოპერირებს ბაზარზე და კომპანიაში 17 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი