სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათაო ოფისის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამსახურს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთი გადმოეცა, სადაც ახალი სათაო ოფისი აშენდება, რა მიზნითაც სამსახურმა არქიტექტურული პროექტის შემუშავების მიზნით, ღია კონკურსის საფუძველზე კომპანია შეარჩია. ამჟამად, პროექტი დასრულების ეტაპზეა და სამსახური თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით რამდენიმე დღეში მიმართავს.
პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდება.
შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების და მედიის წარმომადგენლებს ახალი სათაო ოფისის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ.
მისი თქმით, რომ 2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის ქვემდებარეობას 40 ახალი დანაშაულის/მუხლის გამოძიება დაემატა, რამაც ფაქტიურად გააოთხმაგა საგამოძიებო სამსახურის დატვირთვა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი მნიშვნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, სტრუქტურული გაფართოება, გამომძიებლების დამატება და საშტატო რიცხოვნობის ზრდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციასაც, სადაც სამსახურის გაძლიერების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც სამსახურის ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც მოიცავს.
შეხვედრაზე უწყების არსებული მდგომარეობაც შეფასდა. კერძოდ, სამსახურის ცენტრალური ოფისი თბილისში, მ. ასათიანის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პერიოდში, იჯარით იქნა აღებული. ფართის სიმცირისა და შენობის კონფიგურაციის გათვალისწინებით, შენობაში ვერ ხერხდება ისეთი მნიშვნელოვანი და სპეციფიური სივრცეების მოწყობა, როგორიცაა არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოთახები, დროებითი დაკავების ოთახი, საკმარისი რაოდენობის გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახები, ნივთმტკიცებათა საცავი, საკონფერენციო და საბრიფინგე ოთახი და ა.შ. ასევე, შენობას არ აქვს ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირებისთვის შესაბამისი სივრცე და ვერ ხერხდება თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. ხაზგასასმელია, რომ შენობის სრულად ადაპტირება შშმ პირებზე ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია.
ამასთან, სამსახურის საშტატო რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, დამატებითი საოფისე ფართი იჯარით იქნა აღებული. აღნიშნული ორი ოფისის საიჯარო ქირა წელიწადში დაახლოებით 700 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ქ. თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაზიანებული (ჩამონგრეული) შენობა გადმოეცა, რომლის რეაბილიტაციასაც ინსპექტორის სამსახური ცენტრალური ოფისის მოწყობის მიზნით ახორციელებდა. თუმცა, 2021 წლის 29 ნოემბერს, სამუშაოების მიმდინარეობისას შენობის შიდა პერიმეტრზე სართულშუა გადახურვებისა და საყრდენი კედლების ნაწილი ჩამოინგრა და მომეტებული საფრთხის გამო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით მშენებლობის პროცესი შეწყდა და ექსპერტიზა ჩამონგრევის მიზეზისა და შენობის გამაგრებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოების დადგენის მიზნით დაინიშნა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, შენობის მდგრადობის თავდაპირველ მდგომარეობამდე მიყვანა არარაციონალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით დაზიანებული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდა, ხოლო შენობის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
150 თანამშრომელზე გათვლილი ახალი სათაო ოფისის პროექტი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. სამშენებლო ფართი დაახლოებით 5 877 კვ.მეტრზე განთავსდება და 5 სართულს მოიცავს, სადაც საკონფერენციო დარბაზი, საბრიფინგე სივრცე, გამოკითხვის, დროებითი დაკავების, ამოცნობისა და საქმის მასალების გაცნობის ოთახები მოეწყობა.
შენობა მიწისქვეშა 2 სართულსაც მოიცავს, სადაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე განთავსდება.
მშენებლობისთვის დაახლოებით 15 000 000 ლარია გათვალისწინებული და მისი დასრულება 20 თვეშია დაგეგმილი.
შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან მამულაშვილმა წარუდგინა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამშენებლო კომპანიების, მედიის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.
უახლესი