აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის, 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაცია, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია იკვეთება.
ჯერჯერობით, სესხების კუთხით ანალოგიური ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული, თუმცა ჩვენი აზრით, აქაც უკვე სესხების ლარიზაციის მატებას ექნებოდა ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ეს ფაქტორი, რასაც ე.წ. შოკის გამაძლიერებელი შეიძლება ეწოდოს, ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა.
რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით?
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას.
„ამასთან, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საშუალო კურსის გრძელვადიანი ტენდენციიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ლარის მცირე, თუმცა როგორც ჩანს მაინც გაუფასურების მიმართულებით შესწორება საბაზო სცენარია.
ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება“,- ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში. .
უახლესი