დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორი საკუთარი ბორანი და საზღვაო ხაზზე 100%-ით დატვირთული ოპერირება - როგორი იყო E60 Shipping Line-სთვის 2024 წელი

ორი საკუთარი ბორანი და საზღვაო ხაზზე 100%-ით დატვირთული ოპერირება - როგორი იყო E60 Shipping Line-სთვის 2024 წელი

23-12-2024 13:00:00

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line 2024 წელს წარმატებულად აფასებს. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ბაბუნაშვილმა, კომპანია მოახერხა და 2024 წელს ორი გემი შეიძინა და 2025 წელს სამი საზღვაო ხომალდით ხვდება, საიდანაც ერთი ლიზინგითაა აღებული, ხოლო ორიც კომპანიის საკუთრებაშია.

„2024 წელს კომპანიისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. ვიყიდეთ ორი ბორანი. 2023 წლის მანძილზე ჩვენ ნაქირავები ბორნით ვოპერირებდით და 2024 წელს ეს ნაქირავები ბორანი შევინარჩუნეთ და 2 ახალი ბორანი დავიმატეთ, რომელსაც სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ. ორივე ბორანი არის ქართული დროშის ქვეშ და ქართული ეკიპაჟის წევრებით. 2023 წელთან შედარებით, როდესაც 1 ბორნით ვოპერირებდით 2024 წლის განმავლობაში მოცულობები გავაორმაგეთ და 2025 წელში შევდივართ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებით.

ჩვენი კომპანია ძირითადად ფოთსა და კონსტანცას შორის ოპერირებდა, მაგრამ უკვე განვახორციელეთ ჩვენი ბორნით ვაგონების ჩამოყვანა ვარნიდან და 2025 წლის გეგმებშია, რომ ვარნიდან რეგულარული ოპერირება დავიწყოთ. რეალურად 2024 წლის განმავლობაში ვახდენდით ამ შესაძლებლობების შეფასებას. 2025 წლის დასაწყისში უკეთესად გაოჩნდება თუ რამდენად მიმზიდველია ეს მიმართულება. თუმცა ვარნიდან 2024 წლის ბოლოს უკვე განვახორციელეთ ვაგონების ჩამოყვანა.

უკვე გაქვს დადასტურებული პროექტი და უკრაინიდან ჩვენი მიმართულებით წამოვა ვაგონები, რომელიც ჩვენმა კომპანიამ კონსტანცას პორტიდან უნდა გადმოვზიდოთ. კონსტანცაში ვარნასგან განსხვავებით ვაგონებისთვის ბორბლების შეცვლა არ ხდება, მაგრამ იქაური პარტნიორის მეშვეობით ჩვენ შევიმუშავეთ გზა თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე 2025 წლის იანვრის დასაწყისში უკვე ველოდებით უკრაინიდან სარკინიგზო ვაგონებს“, - განაცხადა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ E60 Shipping Line-მ მეორე გემი წლის ბოლოს შეიძინა.

 E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორის განმარტებით, კომპანიამ მოახერხა და მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტის მოცულობაც.

„2024 წელს საკმაოდ გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები. გეტყვით, რომ 2024 წლის ბოლო კვარტალში ჩვენი ორივე გემი ფოთის პორტიდან გადის აბსოლუტურად შევსებული, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და დიდი მიღწევაც. როგორც ცნობილია საქართველოს მაგალითზე იმპორტი უფრო აქტუალურია ვიდრე ექსპორტი, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენ შევძელით რომ მოგვეზიდა შუა დერეფნის ტვირთები. ჩვენი საბორნე ხაზი არის ამ ტვირთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამტარი. ჩვენი ექსპორტი არის ძირითადად ტრაილერები და კონტეინერები, რაც ძალიან საინტერესოა, რადგანაც ჩვენს ბორნებს ამის შესაძლებლობა აქვს და ეს მოცულობები თანდათან მზარდია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ორივე მხარეს (ექსპორტი და იმპორტი) არის 100%-ით დატვირთული.  წლის ბოლოდან ჩვენი რიგით მეორე საკუთარი ბორანიც შემოგვიერთდება და 2025 წელს უკვე 3 ბორნით შევხვდებით“, - აღნიშნა ბაბუნაშვილმა.

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა. დღეს „აია“ და „დიოსკურია“ უკვე E60 Shipping Line-ს საკუთრება. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბორანი AIA 1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

რაც შეეხება სატვირთო ბორანი „LIDER EXPRESS“ (IMO 8818312, MMSI 613606400) - აშენებულია 1991 წელს და მოძრაობს კამერუნის დროშით. იგი დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები