წელს კადრების დეფიციტი არ შეგვქმნია, კადრები ამ ეტაპზე ძნელად მოსაძიებელი აღარ არის, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ ბათუმში მდებარე ცნობილი რესტორნის Veranda Acropoli-სის ერთ-ერთმა მფლობელმა განაცხადა.
ირაკლი თავართქილაძის განმარტებით, რესტორანი, რომელიც ზაფხულში 500-მდე სტუმარზეა გათვლილი, ხოლო ზამთარი 200-მდე სტუმარზე, ამ დროისათვის კადრების დეფიციტის წინაშე არ დგას.
„მინდა ჩვენი დაკვირვება გაგიზიაროთ. 2022 წელს, კოვიდის შემდეგ, მართლაც რთული იყო კადრების მოძიება, რასაც ვერ ვიტყვით წლევანდელ წელზე. რა თქმა უნდა ხელფასები ჩვენს რესტორანში და ზოგადად ბაზარზე 20-25%-ით გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალურ კადრებთან დაკავშირებით ხარისხის პრობლემა შეიძლება არის, მაგრამ ზოგადად კადრებზე დეფიციტი არ შეგვქმნია.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რესტორანი გაიხსნა, ამ ეტაპზე კადრები რთულად მოსაძებნი აღარ არის. ბევრი ადამიანი მოდის და ითხოვს დასაქმებას“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
Veranda Acropoli-ს ერთ-ერთი მფლობელი განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში მენიუში ფასები გასული წლის იდენტურია.
„თუ კი მენიუს ფასებს განვიხილავთ ბოლო 3 წლის ჭრილში, 2020-2021-2022 წლებში რესტორნებში ფასების საკმაოდ ზრდა შეინიშნებოდა, რადგან ხდებოდა ლარის გაუფასურება. გახსოვთ ალბათ, რომ 1 დოლარი 3,0 ლარსა და მეტსაც კი უტოლდებოდა. ამან კი საკმაოდ ბევრ პროდუქციაზე გამოიწვია ფასების ზრდა. განსაკუთრებით კი იმპორტირებულ პროდუქციაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვცდილობდით, რომ მინიმალური ყოფილიყო ფასების ზრდა. ამას დაემატა ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების გაორმაგება, რაც ასევე აისახა ფასების ზრდაზე. თუმცა, 2023 წელს მინიმალურად არის ფასები მომატებული, რადგანაც ლარი ასე თუ ისე გამყარდა და დასტაბილურდა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროდუქციის 90%-ზე, რასაც ჩვენ მოვიხმართ და მენიუში ფასები არ გაგვეზარდა. ასე, რომ წინა წელთან შედარებით, ჩვენს მომხმარებელს კერძების 90-95% -ზე იგივე ფასები დახვდებათ“, - განმარტავს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.
როგორც ცნობილია, რესტორან Veranda Acropoli-სის შენობა 2009 წელს აშენდა. რესტორანმა პირველი სტუმრები სწორედ 2009 წელს მიიღო.
„ამის შემდეგ ობიექტმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ბოლო მფლობელი იყო „საქართველოს ბანკი“. 2018 წელს რესტორანი პარტნიორებთან ერთად „საქართველოს ბანკიდან“ გამოვისყიდეთ, ჩავდეთ ინვესტიციები და გავაფართოვეთ და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ Veranda Acropoli ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რეინოვაციის შემდეგ, Veranda Acropoli 2019 წლის აგვისტოში გავხსენით და დღემდე ითვლება ბათუმში წარმატებულ პროექტად. საკმაოდ რთული წლები გავიარეთ. 2019 წელს ტურისტული ბაზარი ნაწილობრივ ჩაიკეტა, შემდეგო 2020-2021 წლებში გარკვეული შეზღუდვების ქვეშ მოგვიწია მუშაობა. 2022 წელი, რომელზედაც იყო დიდი მოლოდინები, რომელ კარგი სეზონი იქნებოდა, უკრაინაში წარმოებულმა ომმა კვლავ დაჩრდილა. წელს Veranda Acropoli-ში გაქვს ნოვაცია, რომ გვყავს ახალი ბრენდ შეფი კონსტანტინე თედელური, რომელიც ასევე არის საქართველოს ნაკრების ბრენდ შეფი. ვფიქრობთ, რომ წლევანდელ სეზონზე Veranda Acropoli ისევ იქნება წარმატებულ პროექტებს შორის, რომელიც ჩვენი თანაქალაქელებისა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის, უცხოელი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი იქნება“, - აცხადებს Veranda Acropoli-ის ერთ-ერთი მფლობელი.
„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ კითხვაზე, გასულ წელთან შედარებით, როგორია რესტორანში სტუმრების ვიზიტების რაოდენობა, Veranda Acropoli-სის ერთ-ერთი ერთ-ერთი მფლობელი ამბობს, რომ 15%-მდე ჩავარდნა არის, თუმცა არის მოლოდინი, რომ ეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისების, რეგიონში მეტი ტურისტის ჩასვლის ფონზე დაბალანსდება და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რესტორანში სტუმრების რაოდენობა შარშანდელ მაჩვენებლებს დაეწევა.
„გასული წელი ბათუმისთვის იყო არაორდინალური, როდესაც ომის შემდეგ საკმაოდ ბევრი ემიგრანტი უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან ჩამოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იყო. უკვე მარტის თვიდან შეინიშნებოდა, როგორც ტურისტების და ჩამოსული ემიგრანტების რიცხოვნობის ზრდა. ეს კი აისახებოდა როგორც რესტორნების მუშაობაზე, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებზე.
წელს მცირეოდენი ვარდნა გვაქვს, დაახლოებით 10-15%-ით, მაგრამ მაინც ნორმალური სეზონია. ველოდებით, რომ ივლისის პირველი რიცხვებიდან ადგილობრივი ტურისტებიც ჩამოვლენ, მოიმატებს პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა და მიმდინარე წელსაც წარმატებული მაჩვენებლებით დავხურავთ“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
ირაკლი თავართქილაძე განმარტავს, რომ Veranda Acropoli-სის მომხმარებლები 2020-2021 წლებში 70%-ი ადგილობრივები იყვნენ, განსაკუთრებით მაღალი სეზონის პერიოდში.
„ეს იყო ის პერიოდი, როდესაც კოვიდის გამო ბევრი შეზღუდვა იყო და საზღვრები დაკეტილი. 2022 წელს ჩვენი მომხმარებლის 50-60%-ი ადგილობრივი სტუმრები იყვნენ, ხოლო 40-50%-ი უცხოელები“,- ამბობს Veranda Acropoli-სის ერთ-ერთი მფლობელი.
უახლესი