დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფოს მხრიდან უნდა წახალისდეს ფერმერებისთვის აგრობადეების შეძენა-მონტაჟი - რატი კოჭლამაზაშვილი

სახელმწიფოს მხრიდან უნდა წახალისდეს ფერმერებისთვის აგრობადეების შეძენა-მონტაჟი - რატი კოჭლამაზაშვილი

18-09-2023 18:00:50

სტიქიისგან ფერმერის თავდაცვის პირველი საშუალებაა აგროდაზღვეა, ხოლო მეორეა მოსავლის სეტყვისა და მზისგან დამცავი აგრობადეები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ამ მიმართულების განვითარება სადაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება.

„აგროდაზღვევა რა თქმა უნდა ვერ იცავს მოსავალს სტიქიისგან, მაგრამ ფერმერს მინიმალურ ხარჯებს მაინც აუნაზღაურებს, რომელიც მან გასწია. საჭიროა ამ მიმართულებით სადაზღვევო პროდუქტის დახვეწა და მისი პოპულარიზაცია ფერმერებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრემალური ამინდი ბოლო წლებში უფრო ხშირია, რაც გამოწვეულია გლობალური დათბობით, იმისთვის რომ მოსავლის დაზიანებისა და განადგურების პრევენცია მოვახდინოთ არსებობს აგრობადეები, რომლებიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და აპრობირებული“, - ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

ამ მიმართულებით, არის ადგილობრივი კომპანია რომელიც აწარმოებს სეტყვისგან დამცავ ბადეს, ასევე ხდება იმპორტირებაც, თუმცა მისი პოპულარიზაცია არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები აცნობიერებენ, რომ ექსტრემალური ამინდებისგან თავის დაზღვევა არის მნიშვნელოვანი.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ აგრობადეებს ფერმერები, ხშირ შემთხვევაში მაღალი ფასის გამო ვერ ყიდულობენ. 

„ხშირ შემთხვევაში ეს ბადეები ძვირია და ფერმერების უმეტესობა ვერ ყიდულობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და სახელმწიფოს მხრიდან და დონორების პროექტებით უნდა წახალისდეს აგრობადეების შეძენა-მონტაჟი. ასევე ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ფერებისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემა“, - ამბობს კოჭლამაზაშვილი.

მიმდინარე წლის ექვს თვეში აგროდაზღვევის 26 704 პოლისი გაფორმდა, მათ შორის 14 424 პოლისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მონაცემები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. გასული წლის პირველ ექვს თვეში ჯამში 69 292 პოლისი გაფორმდა, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 58 651 პოლისი.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, მხოლოდ 19 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება.

რაც შეეხება სეტყვისგან დამცავი ბედის  ფასს, 1 კვადრატულისს ფასი 1 ლარს შეადგენს. 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახის გადაფარვა ფერმერს 13-დან 15 ათას ლარამდე უჯდება, ხეხილის ბაღების შემთხვევაში ფასი უფრო მაღალია და დაახლოებით 60 ათასამდე ჯდება.

ფერმერები სახელმწიფოსგან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების 10%-იანი დაფინანსების გაზრდას ითხოვენ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა. 

„1კვ/მ ბადის ღირებულებაა 1 ლარი. სეტყვისგან დამცავ ბადეზე მოთხოვნა არის, მაგრამ ფერმერები ელოდებიან დაფინანსების გაზრდას. ცნობილია, რომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ სარწყავ სისტემას აფინანსებს 50%-ით, ნერგებს -70%-ით, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო ბადის სისტემის მოწყობას აფინანსებს 10%-ით. ასევე აქვთ დაბალპროცენტიანი საბანკო სესხი.

როცა გაიხსნა ჩვენი საწარმო, პრეზენტაციას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. მას ფერმერების თხოვნის შესახებ ინფორმაცია გადავეცით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების სუბსიდირება უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლისა და ფერმერების ზარალის ანაზღაურება. რადგან დამცავი ბადეებით უფრო მეტი ფართი დაიფარება და შესაბამისად სეტყვისგან მიყენებული ზარალი უფრო მცირე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 20-წუთიანმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. 

ადგილობრივების თქმით, განადგურებულია როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები