დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზა ელმავლებს ყიდულობს

საქართველოს რკინიგზა ელმავლებს ყიდულობს

06-11-2023 13:55:38

საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. კომპანიას 10 ერთეული მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვას სურს. ტენდერის ბიუჯეტი 183 849 690 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი განაცხადი 5 დეკემბრამდე უნდა შეიტანონ, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა კი ელმავლების მიწოდება საქართველოს რკინიგზისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. 

მუდმივი დენის მაგისტრალური ელექტრომავლის დანიშნულებაა სატვირთო მატარებლების წევის უზრუნველყოფა 1520 მმ ლიანდის საქართველოს ელექტრიფიცირებულ რკინიგზაზე მუდმივი დენის 3 კვ ძაბვით. ელმავალი ასევე განკუთვნილია სატვირთო შემადგენლობის თავში, შუაში და ბოლოში ექსპლუატაციისთვის არსებულ და სარეკონსტრუქციო სარკინიგზო მაგისტრალებზე, მოძრაობის მაქსიმალური ნებადართული სიჩქარით 120 კმ/სთ და ჩვეულებრივ სარკინიგზო ხაზებზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარით.

ტენდერის პირობების მიხედვით, ელმავალი აღჭურვილი უნდა იყოს რეკუპერაციული და რეოსტატული დამუხრუჭების სისტემებით. ელმავლის ძარაში უნდა იყოს მოწყობილობის ისეთი განლაგება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცენტრალური გასასვლელი კაბინებს შორის. ელმავლის სიგრძე ავტოგადასაბმელის ღერძებზე უნდა იყოს არაუმეტეს 51 მ, ხოლო მისის კონსტრუქციული სიჩქარე უნდა იყოს არანაკლებ 120 კმ/სთ.
ასევე, სრულად ეკიპირებული ელექტრომავლის წყვილთვალის ღერძიდან რელსებზე ნომინალური სტატიკური დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 226 კნ, მაგრამ არაუმეტეს 245 კნ.
ელმავალს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის საიმედოობა და ტექნიკური მზადყოფნა, რაც გავლენას ახდენს დამკვეთის სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირების საიმედოობაზე. ელმავალმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტექნიკური მოთხოვნებით განსაზღვრული მაღალი ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები დამკვეთის საექსპლუატაციო პოლიგონებზე. იმავდროულად, ელმავალმა უნდა შეინარჩუნოს თავისი მახასიათებლები ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები