დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა - საქპატენტი

საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა - საქპატენტი

19-03-2025 10:02:00

საქართველო „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს“ (შემდგომ – ჟენევის აქტი) შეუერთდა. აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი. შედეგად, ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის შემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.

ჟენევის აქტი მიღებულია 2015 წელს ქ. ჟენევაში „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ მოდერნიზების მიზნით და ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს. თავად ლისაბონის შეთანხმება წარმოადგენს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც არ ვრცელდება გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ჟენევის აქტით კი ხელშემკვრელ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად, ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე გაავრცელონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაც.

გეოგრაფიული აღნიშვნები, ისევე როგორც ადგილწარმოშობის დასახელებები უნიკალური პროდუქტებია, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე წარმოიშობა. თუმცა, გეოგრაფიული აღნიშვნა უფრო ფართო ცნებაა და ამ ნიშნით სახელდებული მაღალი ხარისხისა და რეპუტაციის პროდუქტის გავრცელების არეალი შეიძლება იყოს ქვეყნის მთლიანი ტერიტორია, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელება მხოლოდ ერთ რეგიონსა თუ მიკროზონას მოიცავს.

ჟენევის აქტთან შეერთებას წინ უძღოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ განხორციელებული რეფორმა. კერძოდ, მომზადდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2023 წლის 21 სექტემბერს. აღნიშნულმა კანონმა განსხვავებულად დაარეგულირა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პროცედურა, კერძოდ, საქპატენტთან ერთად, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველ ეროვნულ კომისიას მიეცა პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გაზარდა რა მეწარმეთა გაერთიანებების ფუნქციები, კანონმა ხელი შეუწყო მათ გაძლიერებას. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ჩამოაყალიბა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტის კონტროლის სისტემაც. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა განხორციელდა ევროკავშირის ხელშეწყობით, „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ტვინინგის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ჟენევის აქტთან ჰარმონიზებას. საქპატენტის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ გასულ და მიმდინარე წელს კიდევ 6 უნიკალურ ქართულ პროდუქტზე გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებაც.

უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 31 გეოგრაფიული აღნიშვნა. მათ შორისაა მაგალითად, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები: ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი; მინერალური წყლები: ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი; გეოგრაფიული აღნიშვნები: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა. ჟენევის აქტთან მიერთებით კი საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები