როგორ აფასებს „საქართველოს ფოსტა“ საქმიანობას 2024 წელს, რა წარმატებებს მიაღწია სახელმწიფო კომპანიამ, რა ვითარებაა და რა გამოწვევებია ამ ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორს - ლევან ჩიკვაიძეს ესაუბრა:
როგორ აფასებს საქართველოს ფოსტა 2024 წელს გადაზიდვების თუ საფოსტო გზავნილების ბაზარზე ოპერირებას, რა მიმართულებებში იყო ზრდა?
წელი ჯერ არ დასრულებულა და მიუხედავად ამისა, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს. ტენდენციები საინტერესოა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რისი მოლოდინიც ნაკლებად გვქონდა. საფოსტო ბაზარი სტაბილურია და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ 2024 წელს „საქართველოს ფოსტა“ სრულად უზრუნველყოფდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქალაქის მომსახურებას ერთგვაროვანი ხარისხითა და ტარიფით. რაც ჩვენი ვალდებულებაა და რასაც „საქართველოს ფოსტა“ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ქვეყანაში, გეოგრაფიულად ნებისმიერ ადგილას მცხოვრებმა ერთნაირ ფასში მიიღოს მომსახურება. ჩვენი პროდუქტებიც ამას ემსახურება კონცეპტუალურად და შინაარსიც ასეთია ეროვნული საფოსტო ოპერატორის. ამის შესრულება წელს გაუმჯობესებული ხარისხით შევძელით და შედეგებს, საერთაშორისო შეფასებებს დაველოდებით იანვარ-თებერვალში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოხდება, როგორც სხვა ქვეყნების ოპერატორების, ისე „საქართველოს ფოსტის“ შეფასება და იმედი გვაქვს, რომ კვლავ მოწინავე რიგებში ვიქნებით.
„საქართველოს ფოსტამ“ გასული წლის ბოლოს შემოიღო ერთიანი საფოსტო ინდექსი, ასევე აპირებდით ელექტრონული საფოსტო ყუთის დანერგვას, რაც კომპანიის ხარჯებს შეამცირებდა. რა ვითარებაა ამ მიმართულებით?
ელექტრონული საფოსტო ყუთი ბევრ სხვა საკითხზეა დამოკიდებული, ეს ჩვენი სურვილი იყო გასულ წელს და მსგავსი პროდუქტი ჯერ არ დანერგილა ქვეყანაში. რაც შეეხება საფოსტო ინდექსს, ეს ყოველთვის ეფექტურია და აუცილებელია. ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ მისამართის შემადგენელი ნაწილია საფოსტო ინდექსი და ნამუშევარია არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, რომელმაც დამისამართებები დაასრულა ყველა ტერიტორიაზე. ეს არის იუსტიციის სამინისტრო, რომელთანაც ერთად მოხდა ელექტრონული პლატფორმის შემუშავება, რომლის ინტეგრაციაც მოხდა მსოფლიო საფოსტო კავშირის ბაზასთან. ყველა ქვეყანას, გზავნილის გამოგზავნისას, შეუძლია შეარჩიოს ის ინდექსი, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ მისამართს. ასეთი სიახლის დანერგვა პირველად ქვეყნის გარეთ ხდება ხოლმე, რადგან მათთან კულტურულად უფრო ახლოსაა საფოსტო საქმიანობა. ქვეყნის შიგნით ცოტა რთულია და ეს შედეგი გვაქვს, რომ ქვეყნის გარედან გზავნილი, აღარ შემოდის საფოსტო ინდექსის გარეშე, რაც საქართველოს ფოსტას უზოგავს საოპერაციო ხარჯებს. ერთი ციფრის ამოცნობით შესაძლებელია მიმართულების დადგენა, თუ საით უნდა გაიგზავნოს და კურიერმა სად უნდა მიაკითხოს ადრესატს. ქვეყნის შიგნით ცოტა გაჭირდა ამის დამკვიდრება, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ინდექსის დანერგვას და იმედს არ ვკარგავთ, რომ ერთ დღეს, როგორც ფრანგი, გერმანელი თუ სინგაპურის მოქალაქე გამოიყენებს საფოსტო ინდექსს იმისთვის რომ საოპერაციო ხარჯი დაზოგოს და მისამართის ზუსტი იდენტიფიცირება მოხდეს ადრესატთან, ჩვენთანაც დაინერგება.
2024 წელს საქართველოს ფოსტის მაგალითზე საქართველოდან ამანათები მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში გაიგზავნა და რომელი იყო TOP ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ამანათის გაგზავნა მოხდა?
გამოიკვეთა ისეთი ნიუანსები, რომლებიც ქვეყნებთან მიმართებით, ძირითადად იგივეა. შემიძლია ჩამოგითვალოთ, ექსპორტია ამ შემთხვევაში საინტერესო, რადგან ექსპორტი გაიზარდა, კერძოდ რაოდენობასთან ერთად, ამანათის საშუალო წონა გაიზარდა. ეს არ არის კომერციული ტვირთი, არამედ ფიზიკური პირის გზავნილი - ფიზიკურ პირთან. ექსპორტში, როგორც გასულ წელს ისე 2024 წელს ლიდერობს ისევ იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი…აქ მხოლოდ მეხუთე ადგილი შეიცვალა, გერმანია ჩანაცვლდა პოლონეთით. მეოთხე ადგილზე ისევ ესპანეთია. რაც შეეხება იმპორტს, ასევე იტალია, გერმანია, საბერძნეთი მიმდინარე და გასულ წელსაც TOP 3-ში იგივე ქვეყნები დარჩა. აქაც მეხუთე ადგილი ჩანაცვლდა, თურქეთი ესპანეთით. ეს არის წონის მიხედვით სტატისტიკა. თუ რაოდენობრივად ავიღებთ, იმპორტში ჩინეთი ლიდერობს ისევ, თუმცა წონა დაბალია და ამ მონაცემით ხუთეულშიც ვერ მოხვდა. ასეთი მონაცემით ჩინეთი, თურქეთი, იტალია იყო პირველ სამეულში გასულ წელს. მიმდინარე წელს, კი რაოდენობით იტალიამ გაუსწრო თურქეთს. ასევე გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი აშშ-ის მიმართულებით და ამქვეყნიდან იმპორტიც. თუმცა აშშ-დან გამოგზავნილი ამანათების რაოდენობა ბევრად აღემატება. დაზუსტებული მონაცემები გვექნება წლის დასასრულს, მიუხედავად იმისა, რომ პიკური პერიოდი გვაქვს, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მუშაობს ჩვენი საერთაშორისო გაცვლის პუნქტი ჩეხეთში, რომელიც ქალაქ პრაღაშია. ჩვენ პრაღიდან ვანაწილებთ ევროპის მიმართულებით გზავნილებს. გეოგრაფიულად ჩვენთვის სასურველი ტერიტორიაა და უფრო სწრაფად ხდება მომსახურება, რაც საბოლოოდ საქართველოს ფოსტის სერვისზე აისახება.
რაც შეეხება საფოსტო გზავნილებს, ამ მხრივ როგორია სტატისტიკა?
წერილობითი კორესპონდენცია თითქმის იგივე რაოდენობით გაიგზავნა. თუმცა არის კლება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს. თუკი მსოფლიოს მასშტაბით წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა იკლებდა, ჩვენთან ყოველწლიური მატება იყო და პირველი წელია, როცა მცირედი კლება დაფიქსირდა. ეს ბუნებრივია, რადგან ტექნოლოგიების ჩანაცვლებამ, წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში საქართველოშიც შეამცირა.
საქართველოშიც დადგება დრო, როცა წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ნაცვლად ამისა, გაიზრდება მცირე პაკეტით ამანათის რაოდენობა. ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ქვეყნის შიგნით მცირე პაკეტით ამანათის მოძრაობა ინტენსიურად გაიზარდა. ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ საფოსტო მომსახურებით და ცვლიან ერთმანეთში მათთვის სასურველ პროდუქციას. ცალკე გამოვყოფდი ელექტრონულ კომერციას, რომელიც განვითარდა ქვეყნის შიგნით არსებულ პლატფორმებზე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხდება ნივთების შეძენა, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარედან ელექტრონულ პლატფორმებზე შეძენილი ნივთების იმპორტი. ჩემი შეფასებით, ეს განაპირობა ინტერნეტიზაციამ. რეგიონები მოიხმარს აქტიურად და ამ მონაცემებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადაც ინტერნეტის მიწოდება ხდება, იმ ტერიტორიაზე იზრდება გზავნილების სწრაფი მიღება. მაგალითად ქედაში, ინტერნეტიზაციის შედეგად, ორასი-სამასი პროცენტით არის გაზრდილი გზავნილების რაოდენობა. ამან ნეგატიური ფაქტორებიც გამოიწვია, გადაიტვირთა ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში საქართველოს ფოსტას არ ვგულისხმობ, ჩვენი უწყება ამას მომზადებული შეხვდა და გატარების რესურსი გაგვაჩნია. საქართველოს ფოსტა არ არის მხოლოდ ბაზარზე, დაახლოებით 2000-მდე კომპანიაა დაკავებული საკურიერო საქმიანობით და ელექტრონული კომერციის მოზღვავებამ გამოიწვია კონკრეტული პრობლემები, რაც ჩემთვის მძიმე აღსაქმელია, მაგრამ ვფიქრობ რომ ვითარება გამოსწორდება. საქართველოს ფოსტამ შეძლო და დაამკვიდრა, ის რაც მთელ მსოფლიოშია, რომ საფოსტო საქმიანობა დაფუძნებულია ადრესატის მისამართსა და საფოსტო სერვისცენტრზე. ასეთი ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ამანათის ადრესატი ქუჩაში ხვდება კურიერს. ეს წააგავს ისეთი ქვეყნების მაგალითს სადაც არ არსებობს ინდექსაცია, მისამართები… ასეა ბანგლადეში, ინდოეთის გარკვეული ტერიტორია სადაც ადრესატებს ასეთ მომსახურებას უწევენ და იმ სოციუმისთვის ეს მისაღებია. საქართველოს ფოსტამ კონცეპტუალურად შეძლო იმის დამკვიდრება, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ადრესატის მისამართზე ან საფოსტო მომსახურების ცენტრზე. ვფიქრობ, რომ ეს კომპანიები განავითარებენ ინფრასტრუქტურას და მოწესრიგდება ეს საკითხები. მთავარია პროგნოზირება შეგვიძლია, რომ ელექტრონული კომერცია გაიზრდება და ყველა კომპანიამ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი უნდა შესთავაზოს.
რა არის მთავარი გამოწვევა დღეს „საქართველოს ფოსტისთვის“?
მზარდი ელექტრონული კომერცია, რასაც შესაბამისი მომსახურება სჭირდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, უბრალოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდება, რომ ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ შესაბამის მდგომარეობაში. იქ არის პროგრამული ინტეგრირების საკითხები, რომელიც პროგრამისტებისა და IT მიმართულების სამუშაოა. საჭიროა ქსელის გაძლიერება და უსაფრთხოება.
როგორია საქართველოს ფოსტის 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტები, ახალი სერვისების დამატებას თუ მუშაობთ?
მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის „მალეოს“ განვითარება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მცხოვრებთათვის. რადგან „მალეოს“ პროდუქტი იგივე ტარიფით მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს: ხულოს, ქედას, ყაზბეგს, მესტიას, როგორ ტარიფსაც იხდის თბილისი. ამ პროდუქტს შეუძლია ძალიან მოკლე ვადაში ევროპიდან მოახვედროს საქართველოში ელექტრონული გზით შეძენილი გზავნილი.ამ პროდუქტის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და გაძლიერებას ვფიქრობთ. ეს იქნება პრიორიტეტი მომავალ წელს.
უახლესი
7 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება8 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ