დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ნიშნავს საპენსიო პორტფელების რისკიანობა და რა უნდა იცოდნენ მონაწილეებმა - საპენსიო სააგენტოს განმარტება

რას ნიშნავს საპენსიო პორტფელების რისკიანობა და რა უნდა იცოდნენ მონაწილეებმა - საპენსიო სააგენტოს განმარტება

20-07-2023 17:00:07

საპენსიო სააგენტომ 19 ივლისს დაგროვებით სქემაში მონაწილეთათვის სიახლე დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ დაგროვებითი პენსიით მობილიზებულ თანხა საერთაშორისო მასშტაბით მსხვილი კორპორაციების აქციებში დაბანდდება.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ მედიასთან შეხვედრისას განმარტა, სამი პორტფელი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაიყოფა. რისკების სიდიდის მიხედვით იქნება დაბანდებული თანხის მზარდი მოგებაც, რაც ბუნებრივია საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშს დაემატება. რას ნიშნავს რისკის დონე თითოეული მონაწილისთვის და რა სარგებლის მიღება იქნება შესაძლებელი მოსალოდნელი ცვლილებით, დეტალებზე გიორგი ჭიჭინაძემ ამომწურავად ისაუბრა.

„მონაწილეს, რომელიც 40 წლამდეა, მამაკაცის შემთხვევაში აქვს 25, ქალის შემთხვევაში 20 წელი, რომ საპენსიო ასაკს მიაღწიოს, შესაბამისად, მეტი დრო აქვს საპენსიო ასაკამდე და მეტი რისკის აღება შეუძლია. მაღალი რისკი, რასაც ჩვენ მზარდ პორტფელს ვუწოდებთ. ამ პორტფელში მეტი აქციებია, საუბარია გლობალურ აქციებზე, რაც ნიშნავს, რომ 20 და 25 წლის მანძილზე აქციები მეტ ამონაგებს აჩვენებს და მეტი რისკიც აქვს, უფრო მეტად მერყეობს ფასში. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აქციები დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა და მეტ დოვლათის შექმნის.

მთავარი განმასხვავებელია აქციების მოცულობა თითოეულ პორტფელში, მაგალითად, ნაკლებ რისკიანში თუ არის 20% (ლიმიტი კანონით არის გაწერილი) საშუალო რისკში ეს არის 40%, მაღალ რისკში - 60%. შესაბამისად, სხვადასხვა რისკის პორტფელია, რადგან მასში აქციების წილობრივი მონაწილეობა განსხვავებულია“, - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მაღალი რისკის პორტფელში მოგების პერსპექტივაც მაღალია.

„ნაკლებ რისკში, მაგალითად, საშუალო მოგება გვაქვს 10-11%, ვინაიდან 80% არის დეპოზიტები, სახაზინოები და ობლიგაციები, სადაც არის საპროცენტო შემოსავალი. ფასში ზრდა მათ ნაკლები აქვთ, მაგრამ სტაბილური პორტფელია. შედარებისთვის, შარშან, როცა მთელი ბაზრები 20%-ით დავარდა, ჩვენ 7%-ით გავიზარდეთ, ვინაიდან აქციების წილი დაბალი იყო. ის პორტფელი, სადაც აქციების წილი მაღალია, როგორც კი გლობალური ბაზრები დაბლა წამოვა, ასევე დაიწევს, თუმცა როცა ბაზრები ზევით იწევს, მიჰყვება და თუკი სტაბილური პორტფელი გაიზრდება 12%-ით, ის 25%-ით მოიმატებს. ეს არის განსხვავება, რომ უფრო მეტი კორელაციაა. შესაბამისად, როდესაც გლობალური ბაზრები კარგ წელს აჩვენებენ, ანალოგიურად იზრდება მაღალრისკიანი პორტფელის მომგებიანობაც“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაიწყება ინფორმაციული კამპანია, რომლის მეშვეობითაც აუხსნიან მონაწილეებს, რას ნიშნავს რისკიანობა და ინსტრუქცია მიეცემათ. საინფორმაციო კამპანია პერმანენტულად გაგრძელდება და საპენსიო სქემის მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, რას ნიშნავს რისკიანობა, რატომ უნდა აირჩიონ კონკრეტული პორტფელი და რა პოტენციური მომგებიანობა აქვს.

„აქციებში ინვესტირება მეტ რისკს ნიშნავს, მაგრამ მეტ პერსპექტიულ მოლოდინს გრძელვადიან პერიოდში“, - განმარტა ჭიჭინაძემ.

დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართულ მოქალაქეებს კი თავიანთი კაპიტალის მართვა და ამა თუ იმ პორტფელში გადატანა 6 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. მოქალაქე, რომელიც 6 სექტემბრის ჩათვლით, არ მიუთითებს მისთვის სასურველ პორტფელს, მისი ასაკობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, შესაბამის კატეგორიაში ავტომატურად აღმოჩნდება და ერთი წლის განმავლობაში ცვლილებების შეტანა აღარ შეეძლება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები