დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უჯდება საქართველოს საერთაშორისო არტ-ფესტივალში მონაწილეობისათვის ნამუშევრების ტრანსპორტირება

რა უჯდება საქართველოს საერთაშორისო არტ-ფესტივალში მონაწილეობისათვის ნამუშევრების ტრანსპორტირება

07-08-2023 13:00:31

საქართველო ოქტომბერში ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო არტ-ფესტივალში იღებს მონაწილეობას. შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოდან 344 ნამუშევარი გაიგზავნება. ამ ნამუშევრების ტრანსპორტირებისთვის კი საქართველოს ეროვნული მუზეუმს თბილისი-ბრიუსელი-თბილისის ავიარეისი ესაჭიროება. ამიტომ მუზეუმი გამარტივებული შესყიდვის წესით კონტრაქტს გააფორმებს კომპანია Kunsttrans-თან.

„საგამოფენო ნამუშევრების უსაფრთხოდ ტრანსპორტირების მიზნით, შესწავლილ იქნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებადი კომპანიები, მათ შორის, არარეზიდენტი კომპანია „Kunsttrans“-ი, რომელსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში, ადგილობრივ ბაზარზე კი მსგავსი ტიპის გამოცდილების მქონე კომპანიების დეფიციტია“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. ამ სამუშაოების განხორციელებისათვის კი Kunsttrans-ი 1 040 247 ევრო  მიიღებს.

საერთაშორისო არტ-ფესტივალი ევროპალია ორ წელიწადში ერთხელ იმართება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში და ევროპის წინაშე წარადგენს მასზე მიწვეული ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. 2023 წელს ევროპალიას ფესტივალი საქართველოს ეძღვნება და მისივე მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროპალიას საფესტივალო პროგრამაში ჩართული გამოფენა “საქართველო: შეხვედრების ადგილი “(Georgia: A Story of Encounters) გაიმართება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმებში (Royal Museums of Art and History).

გამოფენა მუზეუმის 1500 კვ.მ. ფართობის სივრცეში დამთვალიერებელს წარუდგენს საქართველოს კულტურას ქართული ცივილიზაციის საწყისებიდან ახ.წ. XVIII საუკუნის მიწურულამდე.

ექსპოზიციაში ჩართულია სხვადახვა მედიუმში (ქვა, ხე, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და კერამიკული ნაკეთობანი, ქართული ხელნაწერები და სხვ. - 200 ექსპონატი) შესრულებული არტეფაქტები, რომელთა საშუალებით, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილს, რომელიც განსაზღვრავდა ქართული იდენტობის ფორმირების პროცესს.
საგამოფენო ექსპოზიციაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებიდან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და სახელმწიფო არქივიდან შერჩეული ექსპონატების გარდა, ჩართული იქნება უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები ისეთი საერთაშორისო კლასის ინსიტუტციებიდან, როგორებიცაა პარიზის ლუვრის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის, ინსბრუკის მუზეუმი, ბერლინის, მიუნხენისა და ავსტრიის ბიბლიოთეკები და მათში დაცული ქართული ხელნაწერები.

გამოფენის „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ (Georgia: A Story of Encounters) მთავარი მიზანია ქართული კულტურისა და ისტორიის გლობალურ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა, რომელიც თავისი ფორმატითა და მასშტაბით, ქვეყნის პირველი ასეთი წარდგენა იქნება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ. გამოფენა ერთგვარი გაგრძელებაა 20 საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული პროექტისა, როდესაც პირველად მოხდა ქართული ქრისტიანული კულტურის (IV-XVIII საუკუნეები) წარდგენა დასავლეთ ევროპაში (ბერლნი, კიოლნი, ნიურბერგი, ვენა) რომლის კონცეფციის ავტორები იყვნენ ქართული სამეცნიერო ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენლები: გიორგი ჩუბინაშვილი და შალვა ნუცუბიძე.

დაგეგმილი გამოფენა წარმოაჩენს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე აქცევდა დიდი იმპერიების ინტერესის სფეროში. ამავე დროს, მკაფიოდ აჩვენებს ქართული კულტურის ინტერაქციას აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებთან და ორი განსხვავებული კულტურული ორბიტის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების, პროგრესული ტექნიკური მიღწევების, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის და მხატვრული ენის აკუმულირების, ტრანსფორმირებისა და ადაპტაციის პროცესს ადგილობრივ კულტურულ და სოციალურ გარემოსთან; ქართული კულტურის მსგავსებასა და განსხვავებას მედიტერანულ არეალში შემავალ სხვა კულტურებთან. შესაბამისად მაღალია აღნიშნული ღონისძიების სახელმწიფოებრივი როლი.

2023 წლის ევროპალიის გამოფენის პარტნიორი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად არის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაევალა ევროპალიის გამოფენაზე საქართველოს კულტურის წარმოჩენის მიზნით შერჩეული ექსპონატების რესტავრირება, მოჩარჩოება და უსაფრთხო ტრანსპორტირება. ექსპონატების შერჩევა მიმდინარეობდა ევროპალიის ადგილობრივი მენეჯმენტთან შეთანხმებით, (რამაც გასტანა თვეები), ამჟამად შერჩეულია ყველა ნამუშევარი, მიმდინარეობს მათი რესტავრაცია. ტრანსპორტირება დაგეგმილია 5 ოქტომბერს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები