უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
როგორც შსს-ს მიერ სადეპუტატო შეკითხვის პასუხად გაგზავნილ წერილშია განმარტებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას (შემოსვლა/გასვლა) მოქალაქეთა შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი იღებს ინდივიდუალურად, სამინისტროს მიერ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, ყოველი კონკრეტული პირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, არსებული ფაქტორ(ებ)ისა და გარემოებ(ებ)ის ერთობლიობის შეფასების საფუძველზე.
„აღნიშნულში იგულისხმება სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სამგზავრო დოკუმენტი, სახელმწიფოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი ვიზა და სხვა აუცილებელი დოკუმენტები), ასევე სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ინტერვიურება და სხვა ღონისძიებები“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ დეპუტატისთვის მიწერილ წერილში.
უახლესი