დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეღავათებს ითვალისწინებს კანონი, რომლის საფუძველზეც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა - განმარტება

რა შეღავათებს ითვალისწინებს კანონი, რომლის საფუძველზეც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა - განმარტება

18-12-2023 19:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის ნოე მეგრელიშვილის განმარტებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში იმპორტირებული 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია ვეღარ მოხდება, თუმცა მისი განმარტებით, კანონმა გარკვეული „შეღავათი“ მაინც დაუშვა.

„ჩვენ რეგულაციის მიღებამდე გვქონდა არაერთი კომუნიკაცია უმსხვილეს იმპორტიორებთან და 6 თვიანი ვადა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ უხერხულობა აცილებულიყო თავიდან. დროის ეს მონაკვეთი უნდა ეყოთ იმისთვის, რომ ავტომობილმა ჩამოაღწიოს საქართველოში. შესაბამისად, ამის შემდეგ განხორციელდა ცვლილება, რომელმაც შეღავათები მაინც დაუშვა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2013 წლამდე გამოშვებული რომელი ავტომობილიც მოასწრებს ზოგადი დეკლარირების გავლას საბაჟოზე, იმ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს რეგულაცია, თუმცა მომავალ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოყვანილ ავტომობილებზე რეგულაცია ახალი მოთხოვნებით აუცილებლად გავრცელდება“, - ამბობს ნოე მეგრელიშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის მიზეზია, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.

„ტრანსპორტი არის ქვეყანაში ჰაერის უპირველესი დამბინძურებელი. კერძოდ, მოძველებული და გაუმართავი ავტოპარკია მთავარი წყარო. შესაბამისად საკანონმდებლო რეგულაცია შევიდა ძალაში, რომელიც გულისხმობს ევრო5B-ს ანალოგიური სტანდარტის შემოღებას საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-დან, ევროკავშირიდან, კორეიდან და იაპონიიდან, ყველა იმ ქვეყნიდან სადაც ანალოგიური ან უკეთესი სტანდარტი მოქმედებს, იქ წარმოებული ავტომობილი, რომელიც გამოშვებულია 2013 წლამდე, ვეღარ დარეგისტრირდება საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს შეეხება 1-ელი იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებს და სამარშრუტო მცირე ზომის ავტობუსებს, ხოლო 2025 წლის 1-ელი იანვრიდან რეგულაციები უკვე შეეხება ავტობუსებს და მძიმე სატვირთო ავტომობილებს“, - განმარტავს ნოე მეგრელიშვილი.

ავტოიმპორტიორთა ასოციაცია კანონის ამოქმედების მიუხედავად ბიზნესის საშეღავათო პერიოდს ითხოვს. კერძოდ, რეგულაცია რამდენიმე თვით გადავადდეს მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები