დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაკეთდა თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად

რა გაკეთდა თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად

29-04-2024 17:00:00

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე ინტენსიურად მუშაობდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად მიწერილი წერილიდან ირკვევა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგრძელებდნენ მუშაობას ადგილსამყოფელი და დაფარვის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მოპოვების მიზნით (თავისუფალი ვაჭრობის ან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება).

„ამ მხრივ, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა აშშ-ის, ინდოეთის, ისრაელის, გაერთიანებული სამეფოს, კორეის რესპუბლიკის და ყურის ქვეყნებთან. განხორციელდა შემდეგი:

- 2019 წლის ნოემბერში, ქ. ლონდონში ხელი მოეწერა, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბერს ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ;

- 2020 წელს დასრულდა ისრაელ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, ხოლო 2023 წლის მაისში, ისრაელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე;

- 2023 წლის 10 ოქტომბერს, ქ. დუბაიში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე (CEPA);

- 2023 წლის 2-3 ნოემბერს, კორეაში, ხელი მოეწერა საქართველოს და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (EPA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას და ხსენებული

შეთანხმების პირობების დოკუმენტს (TOR). მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა;

-  მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველო-ინდონეზიას შორის პრეფერენციული

ვაჭრობის ფარგლებში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით პროცედურის დასაწყებად. ველოდებით ინდონეზიური მხარის პასუხს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის - Joint Feasibility Study Group on PTA - შექმნასთან დაკავშირებით;

-  2021 წლის 29 იანვარს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობის და დაცვის შესახებ“;

-  გაიმართა მოლაპარაკებების 7 რაუნდი საქართველოსა და კანადას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მისაღებად;

-  გაიმართა არაერთი კონსულტაცია და მოლაპარაკება თურქეთის რესპუბლიკასთან მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე;

საანგარიშო პერიოდში, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით მუშაობდა საზღვარგარეთ ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პოპულარიზაციის და დაცვის მიმართულებით:

-  ადგილობრივი და დაფარვის ქვეყნების ბიზნეს-წრეებს (პალატები, ასოციაციები, გაერთიანებები, გილდიები, მსხვილი კომპანიები, სახელმწიფო უწყებები) მუდმივად აწვდიდა განახლებულ;

-  მუდმივად მონაწილეობდა და ორგანიზებას უკეთებდა თემატურ პრეზენტაციებს/ სემინარებს/ დეგუსტაციებს/ სხვა ღონისძიებებს;

-  დახმარებას უწევდა ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ საერთაშორისო გამოფენებში ქართული ნაწარმის ეფექტურად წარდგენაში და სანდო პარტნიორების პოვნაში.

-  მონიტორინგს უწევდა ადგილობრივ ბაზრებს ქართული ნაწარმისთვის საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენის და გამოყენების მიზნით;
- მონიტორინგს უწევდა ადგილობრივ ბაზრებს ქართული კომპანიების ინტერესების

დაცვის მიზნით (ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელების და სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველსაყოფად);

საანგარიშო პერიოდში, დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობდა, რათა ხელი შეეწყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ქსელის გაფართოებისთვის. შედეგად, 2019-2023 წლებში, სამინისტროს და საელჩოების ხელშეწყობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უცხო ქვეყნების პალატებთან 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მიერ დეპუტატისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.

უახლესი

3 საათის წინ

რა არის ბრომატი?

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები