ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო “ქართული აგროპროდუქტი”, რომელიც დღეისათვის ბაზარზე ორი ბრენდით „კეთილი და პატიოსანი“ და „პოპორელითაა“ წარმოდგენილი, მალე მესამე ბრენდს ამატებს. როგორც Business Insider Georgia-სთან “ქართული აგროპროდუქტის” დირექტორმა და პარტნიორმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა, “ქართული აგროპროდუქტი” გამაგრილებელი სასმელების სეგმენტშიც შევა, საუბარია ნექტარზე, სადაც 30%-ზე მეტი ხილის და პიურეს შეუცვლელობა იქნება. ბრენდი „მაიმო“ მომხმარებლების წინაშე უკვე ახალი წლის შემდეგ წარდგება. ამ ეტაპზე კი მისი ეტიკეტის დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა.
„ინტენსიურად ვმუშაობთ, პირველ ეტაპზე ბაზარზე დაახლოებით 6 სახეობის გამაგრილებელ სასმელს გამოვიტანთ. ახალი მიმართულების დამატება არსებული საწარმოოს სიმძლავრეების ფარგლებში ხდება, რადგანაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენივე ნედლეულს. ნედლეულს არ ვყიდულობთ“, - აღნიშნა იოსებ მანჯავიძემ.
„მაიმო“ თავიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება, ხოლო შემდეგ მისი ექსპორტიც განიხილება.
„მაიმო“ საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება, ხოლო შემდეგ მის ექსპორტსაც მოვსინჯავთ. გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით კონკურენცია უფრო მაღალია“, - აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” ხელმძღვანელი.
დღეისათვის “ქართული აგროპროდუქტის” მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის და საექსპორტო არეალის გაფართოებაზეც ინტენსიურად მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ კომპანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტზე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს, ხოლო ინდოეთის მიმართულებით პირველი პარტია უკვე გადაზიდა.
„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების გარკვეული ზრდა გაქვს. უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით ვიწყებთ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს, რათა ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ექსპორტს, ჩინეთის მიმართულებით ისევ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, ინდოეთში უკვე ჩავიდა პროდუქცია და ამ ეტაპზე განბაჟების რეჟიმშია.
რამდენიმე დღეში პროდუქციას ვაგზავნით აშშ-ში, სადაც ექსპორტს მანამდეც ვახორციელებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოვიძიეთ ახალი კლიენტები და დამატებით ვგზავნით პროდუქციას. როდესაც აშშ-ში გამოფენაზე ვიყავით იქიდან მოვახერხეთ ახალი კონტაქტის წამოღება და ახლა ამ კომპანიის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. აშშ-ში ასევე არის მესამე ჯგუფი, რომელთანაც ონლაინ შეხვედრა ამ დღეებში მქონდა და უკვე ელის ჩვენს პროდუქცია“,- აცხადებს იოსებ მანჯავიძე.
“ქართული აგროპროდუქტის” პროდუქცია მალე წარდგება ასევე უკრაინის ბაზარზეც.
კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დაიწყო საქმიანობა, როგორც ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ.
„ამ პერიოდში 500-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მივაწოდეთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი ათამდე უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელს რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში.
განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნაყოფის შერჩევის პროცესს, რათა შევუნარჩუნოთ უმაღლესი ხარისხი და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები, რითაც ჩამოვყალიბდით როგორც ქართული ხილის და ბოსტნეულის ერთ ერთი წამყვანი ექსპორტიორი.
ჩვენი მისიაა – ხელი შევუწყოთ საქართველოში ხილის წარმოებას, გადამუშავებას და წარმოებული პროდუქტების ექსპორტს.
აღნიშნული მისიის შესასრულებლად 2017 წლიდან კომპანიამ დაიწყო ხილის და ბოსტნეულის პიურეს და რბილობიანი წვენების წარმოება.
2020 წლიდან კეთილი და პატიოსანი ბრენდის ქვეშ ჩვენ უკვე ვახდენთ 6 დასახელების სხვადასხვა შემადგენლობის უნიკალურ სასმელის – დასალევი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (კალიბრაცია-შენახვა-დასაწყობება სამაცივრე შენობაში) და როგორც ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის, ასევე მათგან უნიკალური ნატურალური სასმელის დამზადება და ექსპორტი.
„ამ მიზნებისათვის კომპანიამ 2.5 ჰა საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოიცავს 430 მ2 საკონსოლიდაციო ცენტრს, 350 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას და თანამედროვე გადამამუშავებელ ხაზს.
ჩვენი რჩეული პროდუქციის დაზიანებისგან დასაცავად დახარისხება მიმდინარეობს თანამედროვე, იტალიური UNITEC-ის კალიბრაციისა და სორტირების დანადგარების მეშვეობით
ჩვენს საწარმოში ხილი და ბოსტნეული ინახება სასაწყობო მაცივარში, რომელშიც დაცულია ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილია პროდუქციის გრძელვადიანი შენახვის პირობები.
ჩვენს კომპანიას მოპოვებული აქვს მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლის სტატუსი საექსპორტო ბაზარზე.
პიურეს წარმოება ხორციელდება იტალიური TECMON-ის ფირმის პიურეს დამამზადებელი ხაზით“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.
უახლესი
2 საათის წინ
რა არის ბრომატი?