2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის ჯამურ მაჩვენებლებში 9%-ი შუახევის ჰესზე მოდის. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია, რომელმაც დაახლოებით 5.4% გაზარდა ელექტროენერგიის შიდა წარმოება. ჰესის მფლობელია „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც წარმოადგენს ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ და ინდური „ტატა ფაუერის“ ერთობლივ საწარმოს.
საქართველოს გაზრდილ საექსპორტო პოტენციალზე და ექსპორტში შუახევი ჰესი პოტენციალზე Business Insider Georgia კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს სატიშ ბჰატს ესაუბრა.
- საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი, ასევე რეექსპორტი გაზრდილია. ქართული გენერაციის ობიექტებიდან თურქეთში ექსპორტი 17%-იან ზრდას აჩვენებს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ კი იმ ტოპ-3 კომპანიას შორისაა, რომელმაც თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. რა გზა გაიარა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ იმისათვის, რომ ამ სეგმენტში პირველობისთვის მიეღწია და ასევე საინტერესოა, დაახლოებით რა წილი აქვს კომპანიას მიმდინარე ექსპორტის სტატისტიკაში?
- 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია, რომელმაც 2023 წლის 23 ივნისის მონაცემების გათვალისწინებით დაახლოებით 5.4% გაზარდა ელექტროენერგიის შიდა წარმოება.
შუახევი ჰესმა 2020 წელს დაიწყო კომერციული ოპერირება, თუმცა პირველად ელექტროენერგიის იმპორტი 2022 წელს განახორციელა. მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს მაისს, ივნისს და ივლისს, თურქეთში ექსპორტირებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 75 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში 606 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, შუახევი ჰესის წილი მთლიანი ექსპორტის ჭრილში 9%-ია.
ჩვენი კომპანია არ იშურებდა ძალისხმევას ელექტროსადგურის საიმედოობის უზრუნველსაყოფად საუკეთესო ტექნიკური პრაქტიკით და რესურსების ოპტიმალური დაგეგმვით ექსპორტისა და შიდა ბაზრის საჭიროებების მხარდასაჭერად.
- ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, თურქეთში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შემოდგომიდან ისევ არის თუ არა საექსპორტო ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის მოლოდინები, თუ ბაზარი არსებული ტარიფების შენარჩუნებას შეძლებს?
- თურქეთის ბაზარი აჩვენებს ელექტროენერგიის ფასების ზრდის ტენდენციას 2021 – 2022 წლებში. თუმცა, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ფასი უფრო დაბალი იყო, შესაძლოა ეს განაპირობა მოთხოვნა-მიწოდების დინამიკამ და გაზის გლობალურმა ფასმა. წელს კვტ/სთ ელექტროენერგიაზე საშუალო ფასი დაახლოებით 8 ცენტია და შემოდგომაზე დიდ ზრდას არ ველით.
- ის, რომ საექსპორტო პროდუქციის ღირებულება გაიზარდა ამან დააჩქარა თუ არა „აჭარის წყლის“ ამონაგები იმ საინვესტიციო პროექტებიდან, რომელიც კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განახორციელა. თუ კი პროცესი დაჩქარდა ამ ფონზე რა პერიოდში ვარაუდობთ დახარჯული საინვესტიციო თანხების ამოღებას?
- შუახევი ჰესის პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიულმა Clean Energy Invest-მა და ინდურმა Tata Power-მა 550 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს. თუმცა, საექსპორტო ბაზარზე არსებულმა დინამიკამ და ფასების შემცირებამ განაპირობა დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი, რაც ბუნებრივია გავლენას იქონიებს ჩვენს შემოსავლებზე.
- რამდენად მზარდია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ის რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხორციელდება, როგორია კომპანიის შეფასება: რა უნდა გაკეთდეს როგორც ხელისუფლების ასევე კერძო სექტორის მხრიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი გენერაციის ობიექტი აშენდეს და ირგვლივ მხოლოდ პატარა და საშუალო ჰესების მშენებლობებს არ ვხედავდეთ?
- საქართველო არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, უზარმაზარი ჰიდრო პოტენციალით და როგორც ნებისმიერ სხვა განვითარებად ქვეყანას, საქართველოსაც შეუძლია მაქსიმალურად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის ასეთი რესურსი. ამ ეტაპზე ქვეყანა თავისი ჰიდროპოტენციალის დაახლოებით 22%-ს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს არის ერთჯერადი და დარწმუნებული ვართ, მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ინდუსტრიულ სექტორში ინვესტორებისთვის მოქნილი პოლიტიკით მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, რომლის შედეგადაც გაჩნდება მეტი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.
ამავდროულად, მზის და ქარის პროექტები ასევე შეიძლება განხორციელდეს, როგორც მდგრადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხარს უჭერენ ენერგეტიკულ სექტორს.
- თავად „აჭარისწყალი ჯორჯიაც“ ხომ არ აპირებს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ბიზნესის გაფართოებას და ხომ არ განიხილავს ახალი გენერაციის ობიექტის მშენებლობას?
- ჩვენი კომპანიის მიზანია ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების პოტენციალის გამოყენება და ენერგეტიკის სექტორში წვლილის შეტანა კორპორაციული პასუხისმგებლობით. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენი როლი ეფექტურად შევასრულეთ.
- რა პერსპექტივებს აძლევს საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და არსებული და დაგეგმილი პროექტების ხარჯზე თქვენი აზრით ამ კაბელით რა პროცენტი ქართული წარმოების ელექტროენერგიის გატანას მოახერხებს ქვეყანა?
- შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ამავდროულად, ქვეყანას ეძლევა სრულიად ახალი პერსპექტივა დაუკავშირდეს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს და ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს რა რაოდენობის ელექტროენერგიის გატანას შეძლებს ქვეყანა ექსპორტზე კონკრეტული ინფორმაციის მიღებამდე საპროგნოზო მაჩვენებლებზე საუბარი რთული იქნება. რაც მთავარია, პროექტის განხორციელება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
უახლესი