დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთაწმინდის პარკი 16 ივლისს ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს

მთაწმინდის პარკი 16 ივლისს ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს

13-07-2023 09:00:09

 

მთაწმინდის პარკი/Mtatsminda Park ტრადიციას განაგრძობს და თბილისელებსა და მის სტუმრებს ყველაზე ტკბილი და გრილი - ნაყინის ფესტივალზე ეპატიჟება.

ღონისძიება 16 ივლისს, 11:00 საათიდან აიღებს სტარტს და დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით ბავშვებს დაუვიწყარი დღესასწაული ელით, სადაც ნაყინის ნაირფეროვან გემოსთან ერთად იქნებიან ზღაპრის გმირები, წამყვანი ანიმატორები, დიჯეი, ჩატარდება გათამაშებები და მრავალი სხვა.

ღონისძიების დეტალებზე Business Insider Georgia- თან მთაწმინდის პარკის პიარისა და ღონისძიებების მენეჯერი ეთო გიგიაძე საუბრობს.

„ნაყინის ფესტივალის ჩატარების ტრადიცია გრძელდება. ივლისი ნაყინის საერთაშორისო დღეა და აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ვამაყობთ, რომ საქართველოში პირველად სწორედ მთაწმინდის პარკში ჩატარდა ნაყინის ფესტივალი და ტრადიცია დავამკვიდრეთ. კონკრეტულად ამ დღისთვის, 16 ივლისს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნაყინის მწარმოებელი ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

დღის განმავლობაში „ნევერლენდის“ ანიმატორები გვეყოლებიან გასართობი პროგრამებით, დაგეგმილია ასევე დრამერების შოუ, „რეზო და ბავშვების“ კონცერტები და სხვა. რაც შეეხება ნაყინის ნაირსახეობას, რა თქმა უნდა, კომპანიებთან გვაქვს შეთანხმება, რომ გაიყიდოს განახევრებული ფასით, ხოლო რამდენიმე ქართული კომპანიისგან უფასოდაც დარიგდება და გათამაშება მოეწყობა“, - ამბობს ეთო გიგიაძე.

მთაწმინდის პარკში 16 ივლისს ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მთელი დღის განმავლობაში შეძლონ უგემრიელესი ნაყინის დაგემოვნება და გართობა ყველაზე მწვანე გარემოში სუფთა ჰაერზე. დასწრება თავისუფალია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები