ქარელის რაიონის სოფელ რუისში ოთხი თვის წინ გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ბადის წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი კვადრატულ/მეტრს შეადგენს .
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ავთო მაისურაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეზე მოთხოვნა მზარდია.
„შეკვეთები გვაქვს, როგორც შიდა ქართლიდან ისე კახეთიდან. 1კვ/მეტრი ბადის ფასი 1 ლარია. ფერმერებმა შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო ბადე ვაშლისა და ბლის ბაღების, ხოლო კახეთში ვენახების სეტყვისაგან დასაცავად იყიდეს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„აგრობადე“ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე წარმადობის გაზრდას გეგმავს. „რადგან საქართველოში პირველი კომპანია ვართ, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს, კვალიფიციური სპეციალისტები გვჭირდება, შემდეგ კი დანადგარებს დავამატებთ“, - ამბობს ავთო მაისურაძე.
ამ დროისათვის საწარმოს ოთხი დანადგარი აქვს. სეტყვის საწინააღმდეგო ბადის ექსპლუატაციის ვადა 7-8 წელია, ხოლო „აგრობადე“ ფერმერებს 5 წლიან გარანტიას აძლევს.
გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების რესურსი ქარხანას ჯერჯერობით არ აქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს სეტყვის საწინააღმდეგო ბადის იმპორტი თურქეთიდან და იტალიიდან ხორციელდება.
კომპანია „აგრობადეს“ ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია და სახელმწიფოს დაბალპროცენტიანი კრედიტი.
უახლესი
16 წუთის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა49 წუთის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება