„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“, - განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
საკომიტეტო სიტყვაში მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებზე. მისი განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, გაგრძელდება „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში მეტი პროგრამის განხორციელებისა და შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. აღინიშნა, რომ უწყება 2025 წლიდან, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განაგრძობს გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობასა და კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესს. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე ისაუბრა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
უახლესი
1 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა2 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება