ღვინის ჩაის მწარმოებელი კომპანია „სტუმარი“ მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia - ს ესაუბრა.
როგორია კომპანიას მიმდინარე სიახლეები?
სიახლე, რომელიც გვახარებს და რომლის გაზიარებაც გვსურს გახლავთ ის, რომ კომპანია ,,სტუმარმა“ მიიღო ამერიკის FDA (Food and Drug Administration) - სერთიფიკატი. FDA სააგენტო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო. FDA სერთიფიკატი კი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც გაცემულია FDA - ის სააგენტოს მიერ და ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას FDA-ის რეგულაციებთან. აღნიშნული სერთიფიკატი აუცილებელია სხვადასხვა საკვების, სასმელის, მედიკამენტებისა და სხვა ტიპის პროდუქციის აშშ-ში ექსპორტისათვის, რაც ადასტურებს იმას, რომ პროდუქტი ნამდვილად აკმაყოფილებს აშშ-ს უსაფრთხოებისა და ეტიკეტირების სტანდარტებს. კომპანიისათვის აღნიშნული მიღწევა უმნიშვნელოვანესია, რადგან ამერიკის ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.
როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე?
პროდუქციის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე ინტერესი მზარდია. ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან კომპანიები და წარმომადგენლობები, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტს. ჩვენი მხრიდან არსებული საწარმოო რესურსების შესაბამისად ვცდილობთ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაინტერესების დაკმაყოფილებას, პარალელურად კი აქტიურად ვახდენთ მარაგების მობილიზებას.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონცენტრირებულები ვართ ქართული ბაზრის სრულად დაკმაყოფილებაზე, ასევე ვცდილობთ საქართველოს რეგიონებშიც იყოს ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილი. ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი კიდევ უფრო თვალსაჩინოა, დიდია დაინტერესება სხვადასხვა სავაჭრო ქსელებისა და ორგანიზაციების მხრიდან, საცალო თუ კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის მთავარი უპირატესობა ჩვენი გამორჩეული პროდუქცია, ტექნოლოგია, ბრენდის ისტორია და გამოცდილი გუნდია. თავად პროდუქტი, რომელიც სრულად უნიკალურია, საკუთარ თავში აერთიანებს ინოვაციური მიდგომებისა და ტრადიციების სინთეზს.
განვლილი წლების განმავლობაში დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური კვლევების შედეგად პროდუქტის საგემოვნო თუ სასარგებლო თვისებების ბალანსი კიდევ უფრო დაიხვეწა.
ასევე ბრენდის იდენტობა და ისტორია ჩვენთვის ფასდაუდებელი და ძალიან ღირებულია. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მოიპოვა აღიარება როგორც ადგილობრივი სახელმწიფო საგრანტო თუ სტარტაპ კონკურსების მხრიდან, ამასთანავე საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში. დღეს კი უკვე გვყავს ჩვენი ბრენდისა და პროდუქციის მიმართ ერთგული და ლოიალური მომხმარებლები.
ჩვენთვის ეს ყველაფერი არის მოტივაცია და ამავდროულად პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად შევინარჩუნოთ პროდუქციის მაღალი ხარისხი, განვავითაროთ იგი და საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებს.
როგორია გეგმები 2025 წელს საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
ჩვენი 2025 წლის გეგმები საექსპორტო ბაზრების მიმართულებით ძირითადად ამერიკის ბაზარს ეხება. ზემოთ როგორც ავღნიშნეთ კომპანია ,,სტუმარმა“ მოიპოვა FDA სერთიფიკატი, რაც პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია პროდქტის აშშ-ში ექსპორტისათვის. ამასთანავე, ვმუშაობთ ახალი პროდუქტის საექსპორტო შეფუთვის შექმნაზეც.
რაც შეეხება, ადგილობრივ ქართულ ბაზარს, ვგეგმავთ ქსელის განვითარებას, საწარმოო ხაზის ზრდას და HORECA მიმართულებით გააქტიურებას, რაც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ და მომხმარებელს ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ.
ცნობისთვის, პროდუქტი უალკოჰოლო და ნატურალურია. შეგახსენებთ, რომ ღვინის ჩაი უნიკალური პროდუქტია, რომელიც სიახლეა არამხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რადგან მისი ანალოგი არ არსებობს.
უახლესი
2 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი9 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია