დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Zolotaya Korona-ს საქართველოში გადმორიცხვებისთვის ძირითადად ფიზიკური პირები იყენებენ

Zolotaya Korona-ს საქართველოში გადმორიცხვებისთვის ძირითადად ფიზიკური პირები იყენებენ

26-08-2024 17:22:00

მიმდინარე წელს ქვეყანაში მიღებული ფულადი გზავნილების 24%-ი Zolotaya Korona-ზე მოდის. საერთო გადმორიცხვებში რუსეთიდან გადმორიცხვების 16%-ი სწორედ Zolotaya Korona-ს  წილია და აღნიშნულ სისტემას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილის განსახორციელებლად ძირითადად ფიზიკური პირები და უმეტესწილად რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები  იყენებენ, რისი მიზეზიც აღნიშნული სისტემის შედარებით დაბალი სატარიფო პოლიტიკაა. აღსანიშნავია ისიც, რომ Zolotaya Korona განსაკუთრებით მიმზიდველია შედარებით მცირე ოდენობის თანხების გზავნილების გასაკეთებლად და ყოველთვიურად აღნიშნული სისტემით საქართველოდან და საქართველოში ბევრი ფიზიკური პირი სარგებლობს. 

როგორც Business Insider Georgia-ს მიერ სებ-დან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ივლისში  Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში მიღებული იქნა 463.2 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფულადი გზავნილები, რაოდენობით 991,5 ათასი ცალი.

მათ შორის რუსეთიდან Zolotaya Korona-ს მეშვეობით საანგარიშო პერიოდში მიღებული იქნა 313.8 მილიონი დოლარის, 862 ათასი გზავნილი.

2024 წლის 7 თვის განმავლობაში ყველა გზავნილის სისტემით მიღებული გზავნილების თანხა სულ შეადგენდა 1 956 მილიონ დოლარს, ხოლო რაოდენობა - 4 679 ათას ერთეულ გზავნილს.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ  Zolotaya Korona-ს მეშვეობით რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების საშუალო თანხა დაახლოებით 360 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში საქართველოში  Zolotaya Korona-ს ფულადი გზავნილების განხორციელება შეჩერებული იყო, თუმცა დღეიდან პროცესი აღდგა და Zolotaya Korona-ს გამოყენება საქართველოდან გადარიცხვების და საქართველოში გადმორიცხვების განხორციელებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 

აქართველოს საბანკო ასოციაციაში განმარტეს, რომ Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით იყო შეჩერებული, რადგან სექტორი აზუსტებდა  Zolotaya Korona კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. 

„მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად,  Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგენილია“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები