ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში, ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ და ცენტრის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და დაგეგმილი ღონისძიებები.
ელეონორა ლაგვილავას თქმით, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა. მისი თქმით, კვლევის კომპონენტით შესაძლებელი იქნება არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა.
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი). პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.
პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com.
------------
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF)
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, იდეების გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვის გააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.
ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზით ცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურ ინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.
პროექტის პარტნიორები:
სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)
სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელი კვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციების მეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით და საზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებს მრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებს მომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.
კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი
კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანი დაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტო მხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკის ეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა და განათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის.
ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C), პოლონეთი
ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ ნეიტრალური კლიმატის მომავლის შექმნის მიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთა მიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობს რეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. P4C მიისწრაფვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფისკენ.
უახლესი
8 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა