იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც ახალი წლიდან ექნებთ სურვილი, რომ აიღონ ახალი სესხი და მათი ჯამური სასესხო დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, შესაძლებლობა აქვთ სესხების აღება მხოლოდ იმ ვალუტაში, რომელშიც აქვთ შემოსავლები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა
„ანუ ვსაც აქვს შემოსავალი ლარში, ის სესხს აიღებს ლარში.ამით მისი მოწყვლადობა საკრედიტო რისკების, საპროცენტო და სავალუტო რისკებთან მიმართებით შემცირდება“, - აღნიშნა თურნავამ.
„ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში“, - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.
უახლესი