Villa Chkhaveri • ვილა ჩხავერი ფუნქციონირებას და ტურისტების მიღებას 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონიდან დაიწყებს. ახალგაზრდა ბიზნესმენმა გიორგი დოლიძემ მემკვიდრეობით მიღებული სახლის ტურისტული დანიშნულებით რეკონსტრუქცია გადაწყვიტა.
2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, გიორგი დოლიძემ გადაწყვეტილება მიიღო ეს დრო პროდუქტიულად გამოეყენებინა და “ვილა ჩხავერის” განვითარება დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, მიწის გაწმენდა და ვენახისთვის მომზადება, რადგან ჩხავერი რეგიონის გურული ავტოქტონური ჯიშია.
როგორც გიორგი დოლიძე Business Insider Georgia-სთან აცხადებს, მეღვინეობის ისტორია ამ მიწაზე ასეულობით წლით ადრე დაწყებულა, რასაც ადასტურებს ეზოში აღმოჩენილი 4 ძველი ქვევრი.
“ვილა ჩხავერი” ვითარდება როგორც საოჯახო სასტუმრო, რომელიც 5 სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი. საოჯახო სასტუმროს ექნება თავისი სამზარეულო და ვენახი, სადაც ჩხავერის ჯიშის ვენახია გაშენებული. მეოთხე წელია რაც ეს ვენახი გავაშენეთ და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც მოსავალს ავიღებთ და ღვინოს ჩამოვასხამთ.
ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ 3 წლის განმავლობაში დამწიფებაში არ შევიყვანეთ ყურძენი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ვენახი გაძლიერებულიყო და ხარისხიანი მოსავალი მოსულიყო. წელს დაახლოებით 1,5 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. ჩვენი ღვინოები წარმოდგენილი იქნება ონლაინ და chkhaveri.ge-ს საშუალებით გაიყიდება“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
ძველი სახლის რეკონსტრუქციისთვის და ზოგადად არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის მეპატრონე 250-დან 300 ათას ლარამდე ინვესტირებას პროგნოზირებს, თუმცა ამ დროისათვის 150 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია.
ირკვევა, რომ “ვილა ჩხავერი” გააერთიანებს მცირე ბიბლიოთეკას და იქნება განვითარების უფასო სივრცე ახალგაზრდებისთვის, საგანმანათლებლო და სხვადასხვა პროექტების ორგანიზებისთვის.
რაც შეეხება “ვილა ჩხავერი“ მეპატრონეს გიორგი დოლიძეს ის კომპანია KRINTEX.com-ის უდგას სათავეში, რომელიც არის მულტიბრენდული ჰოლდინგი და აერთიანებს ბიზნესს სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა