მიკრობანკის სტატუსისთვის სებ-ი მალე პირველ განაცხადეს ელოდება. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა „ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატი“.
„მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება სწორედ იმას ემსახურება, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო მიმზიდველი ინვესტორებისთვის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად იქნება გარდამავალი ეტაპი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ასე ვთქვათ, სრულყოფილ ბანკებს შორის. ინტერესი არსებობს. მე ამასწინათაც მქონდა შეხვედრა ინდუსტრიასთან, მიკროსაფინანსო სექტორთან. ვესაუბრებოდი იმ ორგანიზაციებს ვინც ფიქრობს, რომ შემოიტანოს განაცხადი. შესაძლოა გარკვეული დახვეწა დასჭირდეს რეგულაციებს, რადგანაც ეს არის ახალი პრაქტიკა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატი“, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას, ახალი სუბიექტი მიკრობანკი - დაემატა.
მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა