საქართველოში ველოსპორტი თანდათან უფრო მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ხდება. მესტიაში ველოტურიზმის ხელშეწყობისთვის კი ველოგიდმა ლევან კიკილაშვილმა და მისმა კომპანიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტურიზმის ეს მიმართულება სვანეთში უფრო განვითარებულიყო და მასზე მოთხოვნა როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტების მხრიდანაც გაჩენილიყო.
თუ მესტიაში ერთხელ მაინც იმოგზაურებ, აქაური ბუნება და გასაოცარი ლანდშაფტები საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს და თუ ველოტურიზმის სერვისებითაც ისარგებლებ, ცხადია ეს შეგრძნებები უფრო მრავალფეროვანი გახდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდ ველომოგზაური • Bicycletrip-ის დამფუძნებელმა, ველოგიდმა ლევან კიკილაშვილმა განაცხადა,
„ველომოგზაურის“ კომპლექსმა მესტიაში ოპერირება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. თვითონ „ველომოგზაურის“ გუნდს ველოტურების დაგეგმვასა და შემდგომ მათი მომსახურების მხრივაც დიდი გამოცდილება გააჩნია. ის კომპეტენცია, რომელიც „ველომოგზაურის“ გუნდის წევრებს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი გადაიტანეს აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარების მიმართულებით.
მესტია შევარჩიეთ იმ მიზნით, რომ ის საქართველოში საკმაოდ გამორჩეული კურორტია. მესტია დამსვენებელს საკმაოდ მაღალი დონის ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას სთავაზობს, ასევე ის წარმოადგენს ადგილზე ტურისტების დაყოვნების მნიშვნელოვან ლოკაციას, რადგანაც ჩქაროსნული მარშრუტი რომ ავიღოთ და ყველა ტიპის გაჩერება ჩავაშენოთ თბილისთან მესტიაში ასვლას სჭირდება 8 საათი, აქამდე კი გარკვეული შესვენებებით 9-10 საათი სჭირდებოდა.
შესაბამისად ტურისტს იქ უწევს დაყოვნება, რადგანაც ერთ დღეში უკან ვერ ბრუნდება კახეთისგან განსხვავებით, ეს კი ხელს უწყებს ადგილზე ველოტურიზმის განვითარებას, რადგანაც მესტიას და ზოგადად სვანეთს აქვს ძალიან ლამაზი ხედები, მთის მწვერვალზე თოვლი არ დნება და ზაფხულშიც კი არის შემთხვევები, როდესაც ცუდი მეტეოროლოგიური მდგომარეობის შემდეგ მთის მწვერვალებზე უკვე ახალი თოვლი დევს.
ეს განსაკუთრებული ხედები, მინდვრის ყვავილების სურნელი, რომელიც გვიან გაზაფხულიდან იწყება და ზაფხულის ბოლომდე გრძელდება სასიამოვნო გარემოს ქმნის. იქვეა ჩქარი მდინარის ხმაური და ყველა ის შეგრძნება, რაც ტურისტს თავისი რელაქსაციისთვის სჭირდება. თანაც მესტია არის ტყით დაფარული, არ არის მხოლოდ ალპინისტური მიმართულება.
გვაქვს მარშრუტები 10 კმ-დან 30 კმ-ს ჩათვლით. ჩვენ ტურისტები „დელიკის“ ტიპის ტანსპორტით აგვყავს მთაზე და იქიდან ხვდება დაშვება სპეციალური ველოსიპედებით, რომელიც გათვლილია მთაში მოგზაურობისთვის და ასევე დაცულია უსაფრთხოების ის დონე, რომელიც საჭიროა ტურისტული მარშრუტის განხორციელებისთვის“, - ამბობს ველო გიდი ლევან კიკილაშვილი.
ირკვევა, რომ „ველომოგზაურს“ მესტიაში საქმიანობის დაწყებაში USAID-ი დაეხმარა. რაც შეეხება ველომოგზაურობაზე მოთხოვნას, ლევან კიკილაშვილის თქმით, აქტივობა უფრო უცხოელი ტურისტების მხრიდან ფიქსირდება, თუმცა როგორც ველო გიდი მიიჩნევს, აღნიშნული სპორტის სახეობის უფრო მეტი პოპულარიზაციის შემთხვევაში ის მოთხოვნადი ქართველ ტურისტებშიც გახდება.
„გასულ წელს როდესაც მესტიაში კომპლექსის მშენებლობა გადავწყვიტეთ, რაშიც USAID დაგვეხმარა, მაშინ ტურიზმის მიმართულებით უფრო მეტი მოცვა შეინიშნებოდა. ვგულისხმობ იმ პერიოდსაც კი როდესაც ტურისტული სეზონი მესტიაში ოფიციალურად გახსნილი არ იყო. მაშინ მესტიაში საკმაოდ შეინიშნებოდა გერმანელი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამერიკიდან ჩამოსული ტურისტების აქტივობა, რაც ჩვენი ცენტრის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც განთავსების საშუალებების დაქირავებასთან ერთად უცხოელი ტურისტები იღებენ დამატებით სერვისებსაც, რითაც თავს შეიქცევენ როდესაც ადგილზე რჩებიან.
თუმცა წელს უკვე გარკვეული გარემოებების გამო რეგიონს ტურისტები აზიის ქვეყნებიდან, ტაილანდიდან სტუმრობენ და მიუხედავად იმისა, რომ შუა სეზონია მესტიაში არ არის ის ვითარება, რაც გასულ წლებში შეინიშნებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს ადგილზე, რომ მოახდინოს ჯგუფების მობილიზება.
სიმართლე, რომ გითხრათ ქართველ ტურისტებს, რომელიც მოლაშქრეობას ანიჭებენ უპირატესობას, ველო ტურიზმის მიმართულება მოსწონთ, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ. თავსებადობა ქართველ ტურისტსა და ველოსიპედების დაქირავებაზე კორელაციაში არ არის. რეალურად ველო ტურებზე მოთხოვნა უცხოელი ტურისტების მხრიდან უფრო მეტია. თუმცა ჩემი აზრით თუ გაიზრდება ინფორმირებულობა, ეს ხელს შეუწყობს ველო ტურების პოპულარიზაციასაც და გაიზრდება ქართველი ტურისტების ინტერესი ასეთი ტიპის სერვისების დაჯავშნასთან მიმართებით“, - ამბობს „ველომოგზაურის“ დამფუძნებელი.
„ველომოგზაური“ სერვისის მიწოდებისთვის აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან და ადგილზე, მესტიაში არსებულ სასტუმროებთან თუ რესტორნებთან. ასევე არსებობს საბონუსე სისტემაც, რაც ბიზნეს „ველომოგზაურთან“ თანამშრომლობას „აიძულებს“.
„ჩვენ სერვისებს ვყიდით ჩვენი საიტის bicycletrip.ge-ს მეშვეობით, სადაც განთავსებული გაქვს ჩვენი შეთავაზებები და სხვადასხვა სახის ტურები. ტურების შესახებ ასევე დეტალური ინფორმაცია განთავსებული გაქვს „ველომოგზაურის“ Facebook-ის გვერდზე, სადაც ყველა ტიპის აქტივობას ვდებთ, რაც რეგიონში ჩვენი მხრიდან ხორციელდება. ვთანამშრომლობთ საქართველოში მსხვილ და საშუალო ტურისტულ კომპანიებთან და ამ თანამშრომლობაში ჩადებული გვაქვს ის ინტერესიც, რომ მათ აქტიურად მოახდინონ ველო ტურების დაჯავშნა, ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურისტულ ობიექტებთან, როგორც შეიძლება იყოს რესტორნები, სხვადასხვა კვების ობიექტები, სასტუმროები, კოტეჯები, სადაც ვარიგებთ სპეციალურად შექმნილ ლოიალობის ბარათებს, რომლის მეშვეობით ტურისტები იღებენ სიმბოლურ ფასდაკლებას, ასევე ამ ობიექტებისთვის დაწესებული გვაქვს ქეშბექის სისტემა, რომლებიც საკუთარ მომხმარებლებს გვიზიარებენ. ეს საკმაოდ კარგი გამოცდილებაა საზღვარგარეთ და მის დამკვიდრებას ჩვენ ადგილზე წარმატებით ვახდენთ“. - ამბობს ლევან კიკილაშვილი.
სერვისების პოპულარიზებასთან ერთად „ველომოგზაური“ სამომავლოდ გაფართოებასაც განიხილავს და იმისათვის, რომ სერვისზე მოთხოვნა გაჩნდეს და ცნობადობა გაზარდოს, არატურისტულ სეზონზე სერვისის ამოქმედებას თბილისშიც განიხილავს.
„ჩვენ გვინდა, რომ სვანეთის გარდა სხვა რეგიონებიც ავითვისოთ. გვინდა განვავითაროთ მოლაშქრეობისა და ველომოგზაურობის სინთეზი, ანუ ადამიანს შეეძლოს ღამის თევა კარავში და დღისით უკვე ველომოგზაურობა ანუ ეს ორი მიმართულების სინთეზი განსხვავებულ გამოცდილებას შესძენს თვითონ ტურიზმს და მოახდენს ადგილზე მეტად ტურისტების დაყოვნებას.
განვიხილავთ მთის ლოკაციებს, შეიძლება ეს იყოს მაღალმთიანი აჭარა, ასევე ყაზბეგი და სხვა. ანუ ის არეალები, სადაც ტურისტები ჩადიან და რჩებიან. თუმცა არატურისტულ სეზონზე განვიხილავთ თბილისსაც, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ცნობიერება ველო მოგზაურობასთან დაკავშირებით, რათა სეზონის პერიოდში მათ შეძლონ მთაში ასვლა და განსხვავებული გამოცდილების მიღება“, - ამბობს კიკილაშვილი.
მისვე თქმით, მესტიაში ველოტურიზმის განვითარებისთვის მისმა კომპანიამ დაახლოებით 30 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც მისივე თქმით პირველ ჯერზე საკმარისი იყო იმისათვის, რომ ველოტურიზმის მიმართულება მესტიაში განვითარებულიყო. ლევან კიკილაშვილს მიაჩნია, რომ ის აქტივობები, რომელიც მისი გუნდის მხრიდან რეგიონში განხორციელდა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.
რაც შეეხება გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალს, „ველომოგზაური“ თანხების მობილიზებას დონორებისგან და კერძო ინვესტორებიდან განიხილავს. ასევე გუნდი აპირებს, რომ „ველომოგზაურიდან“ მიღებული შემოსავლების რეინვესტირება მოახდინონ და „ველომოგზაური“ მესტიის გარდა მალე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზეც გაჩნდე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა