პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ისაუბრა - მთავრობის გადაწყვეტილებით, აეროპორტი ვაზიანში აშენდება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა, ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარდა შესაბამისი კვლევები. იმის გათვალისწინებით, რომ ვაზიანში სამხედრო აეროპორტი მდებარეობს, კვლევები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყების მოსაზრებები ასახულია გადაწყვეტილებაში და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით არანაირი კითხვები არ არსებობს.
„ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ცალსახად მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს - ჩვენი გათვლაა რომ 2050 წლისთვის ის დაახლოებით 19 მილიონი შეიძლება იყოს. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ, რა თქმა უნდა, ტურიზმს, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი მობილობა, ანუ მეტი საერთაშორისო კავშირი. ბუნებრივია, რომ ეკონომიკის ზრდასთან და ქვეყნის განვითარებასთან ერთად ეს მობილობა იზრდება. გვაქვს ძალიან მკაფიო გათვლები და გეგმა - აეროპორტი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ ის თავისუფლად მოემსახუროს ამ რაოდენობის მგზავრებს. ასევე აეროპორტი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მან შეძლოს საერთაშორისო დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება - ეს ეხება როგორც სამგზავრო გადაზიდვებს, ისევე სატვირთო გადაზიდვებს და ამ კუთხითაც ჩვენს ამოცანებს უპასუხოს ახალ ტერიტორიაზე აეროპორტის განვითარებამ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია და მისი სრული ორი ფაზა 1 მლრდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება - 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აეროპორტის პროექტის განვითარება ახალი სტიმული იქნება თბილისის და ზოგადად ურბანული და სივრცითი განვითარებისთვის, დედაქალაქსა და რუსთავს შორის დაკავშირებადობის კუთხით. პროექტი ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის მოსახლეობისთვის დასაქმების თვალსაზრისით - შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები სხვადასხვა სექტორში.
რაც შეეხება პროექტის ვადებს - პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანავიგაციო კვლევები, რომელიც გასული წლის შუა პერიოდში დაიწყო და უახლოეს ხანებში დასრულდება. ამის შემდეგ მოხდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კონფიგურაციის განსაზღვრა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, თუ როგორი იქნება შემდგომ აეროპორტის განვითარების გეგმა, ანუ მასტერპლანი.
„ამის შემდეგ ვიწყებთ მასტერპლანის კონკურსს, რომელიც უახლოეს ხანებში დაიწყება. ამ გეგმით და გენერალური გეგმის პარალელურად მუშაობას უკვე პროექტირებაზე დავიწყებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლოს, როგორც პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, გვქონდეს სრულყოფილი, დეტალური გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი - 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტიც სრულად დავტვირთოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე განმარტება გააკეტა აეროპორტის მართვის საკითხთან დაკავშირებით - მისი ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შესთავაზა.
„მართვასთან საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები არსებობს, რამდენიმე ოფცია ცალსახად უფრო უპირატესია ჩვენს პირობებში - სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლს და მფლობელობას აეროპორტზე და შემოყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალურად და ეფექტიანად მართვის გამოცდილება აქვს. აქაც, რა თქმა უნდა, განისაზღვრება შესაბამისი ეფექტიანობის ინდიკატორები იმისთვის, რომ მფლობელს და ოპერატორს სწორი მოტივაცია ჰქონდეს და აეროპორტი ეფექტიანობაზე და მოგებაზე იყოს ორიენტირებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა