დღეს გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის თანახმად 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისას საკმაოდ კონსერვატიულები არიან“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ცინცაძეს მაგალითად 2022 წლის სურათი მოყავს, როდესაც წლის დასაწყისში საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 3%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა, წლის განმავლობაში ეს პროგნოზები რამდენჯერმე გადაიხედა და რეალური ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამასთან, ეხმაურება დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციის მაჩვენებელი უნდა გამოაკლდეს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეს არათუ ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული, არამედ პოპულისტური გამოსვლისთვისაც კი ვერ გამოდგება, იმდენადაა აცდენილი ელემენტარულ ეკონომიკურ პრინციპებს.
„ბატონი ოქრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომელიც რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციას აკლებს, ყოვლად გაუგონარი ფენომენია და ელემენტარული ეკონომიკის პრინციპების ცოდნის შემთხვევაში მსგავსი დაშვების გაკეთებაც კი წარმოუდგენელია. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ 2022 წელს საქართველოს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა მსოფლიოს მასშტაბით - მე ვსაუბრობ რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და ის 10.1%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც, მაგალითად, პოლონეთის ეკონომიკური ზრდა იყო 4.9 %, ევროზონის ეკონომიკური ზრდა - 3.5%, ლიეტუვისა და ლატვიის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში, მოლდოვასა და ესტონეთის შემთხვევაში კი საერთოდაც ეკონომიკური შემცირება დაფიქსირდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მაჩვენებლები, რომელსაც საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აფიქსირებს, ერთ-ერთი გამორჩეულია.
მისი თქმით, ანალოგიურად გამორჩეულად დაიწყო 2023 წლის პირველი ორი თვეც - იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.1%-ს შეადგენს. „ჩვენ მიმდინარე წელსაც აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა