დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები - Galt & Taggart

ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები - Galt & Taggart

05-02-2025 11:50:00

ვიზიტორების დინამიკა: 2024 წელს საქართველოს 6.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. აქედან, 2024 წელს ტურისტების რაოდენობამ 5.1 მლნ ვიზიტორი შეადგინა და პირველად დაუბრუნდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებლებს. ამასთან,  ტურისტების ყველაზე მკვეთრი აღდგენა პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო კვარტლებში აღდგენის დინამიკა შედარებით შესუსტდა - 2024 წლის აღდგენა 2019 წელთან შედარებით კვარტალურად შემდეგნაირად ნაწილდება: 106.4%, 95.2%, 100.3% და 100.8%. აღნიშნული შენელება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობის შენელებაზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 40.9%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ კვარტლებში კი საშუალოდ 1.8%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის მაჩვენებლებს. ჯამურად, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

შემოსავლები ტურიზმიდან: 2024 წელს საქართველომ 4.4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად 41.6%, 17.9% და 21.2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან  მიღებული შემოსავალი შემცირდა. ისტორიულად, ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთია, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2.0%-ით შემცირდა 850 მილიონ აშშ დოლარამდე.

2025 წლის მოლოდინები: გალტ & თაგარტის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან, მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, გალტ & თაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას, აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით. რაც შეეხება შემოსავლებს, გალტ  & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, ტურიზმისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვრის მოსალოდნელი გახსნა.

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებ-გვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სასტუმროების და Airbnb-ის მონაცემები.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები