10-12 თებერვალს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ჩელთი“ Wine Paris & Vinexpo 2025-ში მიიღებს მონაწილეობას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანია ორ საერთაშორისო ღონისძიებაზე უკვე იყო წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ესპანეთში, მადრიდში გამართულ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესში Madrid Fusión 2025 და ბერლინში გამართულ გამოფენაზე Green Week.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიისთვის იყო მნიშვნელოვანი და საკმაოდ დატვირთულიც.
„Madrid Fusión-ი არის გასტრონომიული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წელს Madrid Fusión-ში ესპანეთის გარდა მონაწილე ქვეყანა იყო მხოლოდ საქართველო. მინდა გითხრათ, რომ საქართველო და ქართული ღვინო, გასტრონომია Madrid Fusión-ზე ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. სამი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი, თუ ბლოგერი გვსტუმრობდა. აქტიურად გვსტუმრობდნენ რესტორნების წარმომადგენლები, რაზეც საკმაოდ ბევრი პოსტი დაიდო და სტატია დაიწერა. ცნობადობის კუთხით Madrid Fusión-ს დიდი გამოხმაურება მოყვა. Madrid Fusión-ზე ღვინის მწარმოებელი 4 კომპანია ვიყავით წარმოდგენილი. ასეთ დიდი გამოხმაურებას არ ველოდებოდით. იყო ძალიან ბევრი მასტერ კლასები სხვადასხვა კერძების მომზადების და შემდეგ ამ კერძების შეხამების ღვინოებთან. იყო შეხვედრები ინფლუენსერებთან და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლებთან. ესპანეთში მიშლენის ვარსკვლავის მქონე ტოპ-შეფები ყველა იყო წარმოდგენილი. ისინი პირადად მოვიდნენ ქართულ სტენდთან და დააგემოვნეს ჩვენი ღვინოები. დაინტერესდნენ, მოლაპარაკებებიც დავიწყეთ“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
დღეისათვის „ჩელთი“ 28 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი, საიდანაც ერთ-ერთი ესპანეთიცაა.
„ესპანეთის ბაზარზე წარმოდგენილები ვართ. მე პირადად გარკვეული პერიოდი ესპანეთში ვცხოვრობდი და ქართული კარგი რესტორნები თითქმის არ იყო. ახლა კი რამდენიმე ძალიან მაგარი რესტორანია. მაგალითად Nunuka Madrid-ი, რომელიც პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი მიიღო. Nunuka Madrid-ში „ჩელთის“ ღვინოები საკმაოდ აქტიურად იყიდება. ზოგადად ესპანეთში „ჩელთის“ ღვინოები ქართულ რესტორნებში საკმაოდ აქტიურად იყიდება და ასევე ესპანურ რესტორნებშიც“, - განმარტავს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ „ჩელთი“ წარმოდგენილი იყო ასევე ბერლინში „მწვანე კვირეული“-ს გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. მიმდინარე წელს გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,400-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
„გერმანიაში, „მწვანე კვირეულში“ მე პირადად არ ვყოფილვარ, პარტნიორი იყო და, როგორც ვიცი საკმაოდ კარგად ჩაიარა. გერმანიაში ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი გამოფენა დიუსელდორფში მარტში იმართება, სადაც მე პირადადაც მივდივარ. დიუსელდორფის გამოფენა უფრო მასშტაბურია. რამდენიმე დღეში კი მონაწილეობას მივიღებ Wine Paris & Vinexpo-ში. ეს ორი გამოფენა ღვინის ინდუსტრიაში წამყვანი გამოფენებია. ვინც ღვინის ინდუსტრიაშია ამ გამოფენაში აბსოლუტურად ყველა იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
პარიზში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე „ჩელთი“ დიდ იმედებს ამყარებს და იმედი მაქვს, რომ გამოფენიდან ახალი კონტაქტებით და პარტნიორებით დაბრუნდება.
„საკმაოდ კარგი მოლოდინები გაქვს. წელს Wine Paris & Vinexpo-მ ასეთი სიახლე დაამატა: წინასწარ შესაძლებელია მონაწილეთა სიის გაცნობა და შესაბამისად წინასწარი შეხვედრების დაჯავშნა. აქამდე წინასწარ ინფორმაცია არ გვქონდა და მხოლოდ ადგილზე ვეცნობოდით მონაწილეებს და ვგეგმავდით შეხვედრებს. რეალურად გამოფენა 3 დღიანია და ამ სამ დღეში ყოველი ნახევარი საათი უკვე წინასწარ გვაქვს გაწერილი, თანაც იმ ხალხთან ვინც ჩვენთვის საინტერესოა. აქ საუბარია არამხოლოდ ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც. ამ ფონზე საკმაოდ კარგი და გლობალური მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ჩელთის“ ღვინოები აქტიურად 28 საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი, საიდანაც ყველაზე დიდი, წამყვანი ბაზარი კომპანიისთვის გერმანიაა, რომელიც ერთგვარი ჰაბია და გერმანიიდან გადის „ჩელთის“ პროდუქცია მთელს ევროპაში.
„ევროპაში შესასვლელი პროდუქცია ჯერ გერმანიაში შედის და შესაბამისად ყველაზე მეტი გადაზიდვები ამ ბაზარზე გვაქვს. ასევე, აქტიურად ვართ წარმოდგენილები ჩინეთის, უკრაინის, აშშ-ს ბაზრებზე“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
საგულისხმოა, რომ „ჩელთი“ საექსპორტო არეალის გაფართოების პარალელურად საკუთარი ვენახების მოცულობასაც ზრდის. ბოლო პერიოდში კომპანიამ საკუთარი ვენახები 13 ჰექტრით, 61 ჰექტრამდე გაზარდა, რომელიც კახეთში მდებარეობს.
უახლესი
5 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა