საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა. ამასთანავე, როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2024 წელი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურებმა 11,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
„გასულ წელს არასაყოფაცხოვრებო სექტორში 2023 წელთან შედარებით მოხმარება 9.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება - 13.1%-ით. ამასთანავე, 2024 წელს, საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა) სექტორში ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი - 3,0 მილიარდი კვტ.სთ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 9,2%-ით მაღალია. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარებამ გადააჭარბა ზამთრის პერიოდში მოხმარებას, რაც განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მათ შორის, ტურიზმის ზრდით. ამასთანავე, საგულისხმოა საყოფაცხოვრებო სექტორში კონდიცირების სისტემის სულ უფრო აქტიური გამოყენება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 48,7 მგვტ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ხობი-2 ჰესი 45,7 მგვტ სიმძლავრით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ელექტროენერგიის გამომუშავებას.
უახლესი