2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საერთაშორისო ვიზიტორების 77.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.6%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ.
2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.1 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.8 ღამე) 5.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით შემცირდა და 2 251.8 ლარი შეადგინა.
უახლესი