საქართველოში თაფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამამუშავებელი საწარმო ,,აპიჯეოს“ წარმოება და ექსპორტი წელს 5-ჯერ შეუმცირდა. ამის მიზეზი კლიმატური პირობების გავლენა და მავნებლების გავრცელებაა, რაზეც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე Business Insider Georgia-თან საუბრობს.
მისი თქმით, ქართული წარმოებისთვის პრიორიტეტი ევროპული ბაზარია, თუმცა არა საექსპორტო არეალის გაფართოება, არამედ წარმოების ზრდა, ვინაიდან კონკრეტული ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება კომპანიისთვის დიდი გამოწვევაა.
„წელს თაფლის წარმოებაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შესაბამისად, 5-ჯერ შეგვიმცირდა წარმოება და შესაბამისად ექსპორტიც. ამ დროს ხშირად მეკითხებიან, რამდენ ქვეყანაში გაგვაქვს თაფლი. ბაზრების რაოდენობა არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ეს შეიძლება მეღვინეობისთვის არის აუცილებელი, ჩვენი პროდუქტი საფრანგეთში გადის და ამ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნასაც ვერ ვპასუხობთ, რადგან ადგილზე წარმოების დიდი პრობლემაა.
მოსავალში მკვეთრი კლებაა ორი ფაქტორის გამო: კლიმატური პირობების გაუარესება და მავნებლების გავრცელება. მავნებლების საკითხს ეშველება, მაგრამ კლიმატის გავლენას ვერ გავექცევით, 30 წელია, ასეთი ცუდი ამინდი არ ყოფილა საქართველოში, თაფლის წარმოებაზე ამან მძიმედ იმოქმედა“, - ამბობს ერეკლე ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, კომპანია „აპიჯეო“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სახეობის ჰომოგენიზერებული თაფლის წარმოებაზე, როგორიცაა: აკაციის, წაბლის, ცაცხვის, ალპური, მდელოს პოლიფლორული, ტყის პოლიფლორული, ოქროწკეპლა და სხვ. ახდენს მის რეალიზაციას საზღვარგარეთ, როგორც საბითუმოდ - 200 ლიტრიანი კასრების მეშვეობით, ასევე საცალოდ - 100 გრამიდან 900 გრამამდე, ქილებში. აგრეთვე ,,აპიჯეო“ ახორციელებს მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტის წარმოება-რეალიზაციას, როგორიცაა: ფუტკრის შხამი, სადედე რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი, კავკასიური ფუტკრის დედები და სხვა.
კომპანიას დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი და გააჩნია პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკუთარი შიდა საწარმო ლაბორატორია.
უახლესი