მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 28%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან საწარმოს დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განაცხადა, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება მზარდია. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი გაზრდილია 10%-ით, ხოლო ექსპორტი 28%-ით. რაც შეეხება საექსპორტო არეალს, “მარნეულის“ პროდუქცია აქტიურად იყიდება როგორც ევროპაში ისე ამერიკის კონტინენტზე.
„ჩვენი პროდუქცია გადის როგორც ამერიკის კონტინენტზე, ისე ევროპაში - იტალია საბერძნეთი კვიპროსი, ასევე პოსტ საბჭოთა ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი“, - ამბობს ვანო ცუკილაშვილი
ირკვევა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციიდან საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი TOP-3 პროდუქტია: ტყემალი, კიტრის მარინადი, აჯიკა.
საწარმოს დირექტორის თქმით, მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 56 აქტიური პროდუქტია და აქედან ყველაზე მოთხოვნადია: ტყემალი, ტომატ პასტა, მარინადები.
„ჩვენ ყოველ წელს ვაფართოებთ ასორტიმენტს, წელს ახალი ფორმატები დავამატეთ, მაგალითად 315 გრამიანი ფორმატი“, - აღნიშნავს ვანო ცუკილაშვილი და დასძენს, რომ საწარმო ბევრ სიახლეს ამზადებს და რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გავა ბაზარზე.
მარნეულის სასურსათო ქარხანა წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მლნ კგ პროდუქციას ამუშავებს, რომლის 85% „მარნეული აგროზე“ მოდის.
დღეს „მარნეული აგროს“ პროდუქტები დაახლოებით 487 ჰექტარს ამუშავებს და მოჰყავს როგორც მარცვლოვანი კულტურები - სიმინდი, ხორბალი, ქერი, ისე ბოსტნეულის კულტურები და ასევე ხე-ხილის ბაღები.
"მარნეულის სასურსათო ქარხანა" დაარსდა 2007 წელს და დღეს საქართველოში ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი ქარხანაა.
ქარხანა მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან 40 კილომეტრში. ადგილმდებარეობის გამო, მარტივდება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა.
„დაარსების დღიდან უამრავი ინვესტიცია განხორციელდა ქარხნის გათანამედროვებისთვის, რათა პროდუქცია თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. 2007 წელს დამონტაჟდა იტალიური დანადგარი FENCO, რაც ქარხანას საშუალებას აძლევს სეზონზე 30 000 ტონა ნედლეული ჩაიბაროს და გადაამუშაოს. გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად ქარხანამ მიიღო ინფორმაცია და შემდეგ დაამონტაჟა რამდენიმე საწარმოო ხაზი.
დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს: Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.
ჩვენს პორტფოლიოს მუდმივად ვაახლებთ და ვაფართოებთ და ვცდილობთ ქართული ბაზრის სრულად მოცვასა და დაკმაყოფილებას. ქარხანა მომხმარებელს სთავაზობს 50 ზე მეტი სახეობის, სხვადასხვა გემოს პროდუქციას, სხვადასხვა ფორმატში.
ჩვენი ქარხნის პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია "სრულად ქართულობა ", რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული ნედლეული მთლიანად საქართველოდანაა. ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით