დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზის პანელები, ლოგისტიკური ცენტრი, შემცირებული დანაკარგები - როგორია „ნიკორას“ უპრეცედენტო ემისია

მზის პანელები, ლოგისტიკური ცენტრი, შემცირებული დანაკარგები - როგორია „ნიკორას“ უპრეცედენტო ემისია

15-11-2024 18:00:00

სს „ნიკორა ტრეიდი" 2 წლის განმავლობაში ბაზარს 120 მლნ დოლარის ობლიგაციებს შესთავაზებს. მიღებულ კაპიტალს კი მთლიანად ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოახმარს.

როგორც „ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ განაცხადა, აღნიშნული ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელება მაქსიმალურად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს და მაღაზიებში პროდუქტის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის. 

კიდევ რა შედეგებს ეფექტებს ელოდება „ნიკორა ტრეიდი“ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, დეტალებზე Business Insider Georgia თემურ ალექსანდრიას ესაუბრა

- სს „ნიკორა ტრეიდმა" 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. როგორია კომპანიის გეგმები, რა პროექტების განხორციელებაში აპირებთ მოზიდული 60 მლნ ლარის დაბანდებას?

- დიახ, სს "ნიკორა ტრეიდმა" 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ემისიიდან ემისიამდე მოცულობა იზრდება, რაც ინვესტორების მეტ ნდობასა და კომპანიის სტაბილურობაზე მიუთითებს. ასევე ხაზგასასმელია ემისიის გამოშვების ვადაც, რაც უპრეცედენტოა ქართული ბაზრისთვის.  პირველ რიგში, მადლიერებას გამოვხატავ ჩემი გუნდისა და შემდეგ უკვე თიბისი კაპიტალის მიმართ, რადგან სწორედ მათთან ერთად განვათავსეთ აღნიშნული ობლიგაციები. მოზიდული სახსრები გამოყენებული იქნება თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაში, რაც მნიშვნელოვანი პროექტია. ეს ცენტრი გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს და გახდის მას უფრო ეფექტურს. ნაცვლად იმისა, რომ მაღაზიებში ცალ-ცალკე მივიღოთ პროდუქცია, ამის გაკეთე ერთ წერტილში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ცენტრალიზებულად განაწილდება. ეს გამოიწვევს პროდუქტის ხელმისაწვდომობის ზრდას მაღაზიებში. როგორც იცით, გვემსახურება ასეულობით პარტნიორი, და ბუნებრივია, მათ მიწოდების ერთნაირი ხარისხი ვერ ექნებათ. ამ შემთხვევაში კი მიწოდების ჯაჭვი სრულად ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. ასევე, შემცირდება პროდუქტების დანაკარგი, რაც დღეს მსოფლიოში დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ კომპანიის საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს მთლიან სექტორზე და მომხმარებლებზე.

ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. აღნიშნული პროექტი კი მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც, რადგან შემცირდება სადისტრიბუციო ფლოტი, რაც ნიშნავს, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანების რაოდენობა დაიკლებს. ასობით მცირე ზომის მანქანის ნაცვლად, პროდუქტებით მხოლოდ ერთი ადგილი მომარაგდება, ხოლო შემდეგ, დიდი მოცულობის სატვირთო მანქანებით, ღამის საათებში მოხდება პროდუქციის განაწილება სავაჭრო წერტილებში.

აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკური ცენტრის თავზე განთავსდება მზის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრის მუშაობას ელექტროენერგიით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მწვანე ენერგიის მიმართულებითა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების გზაზე იქნება გადადგმული.

- ლოგისტიკური ცენტრი, რომლის აშენებასაც „ნიკორა ტრეიდი“ აპირებს, სად და რა ვადებში აშენდება და რა მოცულობის პროდუქციის დასაწყობებას მოახდენს კომპანია? ეს იქნება უშუალოდ „ნიკორას“ და მისი სხვა კომპანიების მომსახურებისთვის განკუთვნილი ცენტრი, თუ სხვა კომპანიებიც შეძლებენ ცენტრით სარგებლობას?

- აღნიშნული ცენტრი აშენდება თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, დაახლოებით  10 ჰექტარ მიწაზე. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მუშაობა სანებართვო დოკუმენტაციაზე, ხოლო მშენებლობა მომდევნო თვეებში დაიწყება.

ჩვენი ვარაუდით, პროექტი 2-3 წლის ვადაში დასრულდება. ეს ცენტრი არ იქნება მხოლოდ „ნიკორას“ და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებისთვის. ცენტრი ასევე დააკმაყოფილებს სხვა კომპანიების პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საჭიროებებს. ლოგისტიკური ცენტრის ფართობი იქნება 42 000 კვადრატული მეტრი, და სრულად იქნება დატვირთული ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციით. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს კომპანიის ბიზნეს პროცესების ეფექტურობა, მოახდინოს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და გაზარდოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა მაღაზიებში.   შემცირდება პროდუქტების დანაკარგიც, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

კომპანიის ისტორია ქართული წარმოებით იწყება, ამიტომ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ქმნიან საინტერესო პროდუქტებს, მაგრამ არ ფლობენ სადისტრიბუციო სიმძლავრეებს. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი პროდუქტი ერთ ადგილზე მიწოდებით გააშალონ მთელ ქსელში.

- სამომავლოდ რა შესაძლებლობებს აძლევს „ნიკორა ტრეიდს“ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და როგორია კომპანიის გათვლები კიდევ უფრო ზრდისა და გაფართოების მიმართულებით?

- „ნიკორა ტრეიდის“ ახალი ლოგისტიკური ცენტრი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს - კომპანიის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით. ახალი ცენტრის შესაძლებლობები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ოპერაციების ოპტიმიზაციას, არამედ ბაზრის სეგმენტების გაფართოებასა და ახლის ათვისებას. ასეთი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კომპანიის პოზიციასა და სანდოობას.

ისიც აღსანიშნავია, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამუშაო ძალის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

- 120 მლნ-დან ამ ეტაპზე ითვისებთ 60 მლნ ლარს. რა დროისთვის იგეგმება დანარჩენი ტრანშის განხორციელება და ასევე საინტერესოა, რა იქნება მისი მიზნობრიობა?

- დანარჩენი ტრანშის განხორციელება 2025 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, და მოზიდული სახსრები სრულად მოხმარდება ახალი, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას. ტრანშების ასეთ ეტაპობრივ გაშვებას მშენებლობის სპეციფიკა განაპირობებს: თავდაპირველად სრული თანხა საჭირო არ არის, ამიტომ ობლიგაციების ემისიას პროექტის ეტაპებთან ვაკავშირებთ. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ეტაპობრივად უზრუნველვყოთ საჭირო სახსრები, რაც ლოგისტიკური ცენტრის ეფექტურ და თანმიმდევრულ მშენებლობას შეუწყობს ხელს.

- როგორია თქვენი გათვლები, ვინ შეიძლება დაინტერესდეს თქვენი აქციებით? -

„ნიკორა ტრეიდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციებით დაინტერესება ძირითადად საფინანსო სექტორის მოთამაშეებმა და კერძო ინვესტორებმა უნდა გამოხატონ. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი FMCG სექტორში ინვესტირებისა და ზრდის მიმართ.

- ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის" ეს უკვე რიგით მე-4 ემისიაა. როგორ აფასებთ ზოგადად კაპიტალის ბაზარს?

- საქართველოში კაპიტალის ბაზარი წლიდან-წლამდე სწრაფი ტემპებით იზრდება და ვითარდება როგორც ინვესტორების ისე ემიტენტების კუთხით, თუმცა  მაინც მცირე ზომისაა და განვითარების ადრეულ სტადიაზეა. კაპიტალის ბაზრების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში. „ნიკორა ტრეიდისთვის“ ეს რიგით მეოთხე ემისიაა. აღსანიშნავია რომ ყოველ ახალი ემისიის მოცულობა წინა ემისიასთან შედარებით  მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სტაბილურობასა და ჩვენს მიმართ ინვესტორების მიერ გამოცხადებულ ნდობას და დიდ ინტერესს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები