თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და მზადაა, დანარჩენი ნაბიჯებიც ღირსეულად გაიაროს.
როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა.
„თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს მათი ნებაა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით, ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები, მოყოლებული 2012 წლიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა. სწორედ ჩვენ შევძელით ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს დაუმსახურებლად არ მიენიჭა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ გასულ წელს ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვისაც, თუმცა, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ეს სტატუსი სრულიად დაუმსახურებლად არ მიენიჭა, რაც ევროკომისიამ იანვარში თავისივე ბოლო ანგარიშით დაადასტურა. ამას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ახსნაც. სამწუხაროდ, მიღებულ იქნა პოლიტიკურ გადაწყვეტილება და შეეცადნენ ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების დასჯას იმისათვის, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო. იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც, საბედნიეროდ, არ გამართლდა. 90-იან წლებში მიღებული გამოცდილების წყალობით, ქართველმა ხალხმა გამოავლინა სიბრძნე და ამ სცენარის განხორციელება არ დაუშვა“, -
- განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა