თბილისის მშრალი პორტის პროექტი ორ ფაზად განხორციელდება, საიდანაც პირველი ფაზის დასრულება და ოპერირების დაწყება 2025 წლის იანვრისთვის იგეგმება. როგორც Business Insider Georgia-სთან შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის მეორე ფაზის დაწყება ასევე 2025 წელს იგეგმება.
„პირველ ფაზაში საუბარია მინიმუმ 16 მლნ დოლარის ინვესტირებაზე. თუმცა ეს არის მინიმალური ციფრი. დანარჩენი ინვესტირება კი უკვე მეორე ფაზაში მოხდება, რომლის განხორციელებაც ასევე 2025 წლიდან დაიწყება. მას შემდეგ რაც პირველი ფაზა დასრულდება, მალევე დავიწყებთ მეორე ფაზას. პლუს დაიწყება საწყობების მშენებლობა. საწყობების მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც ის არის სპეციფიკური და მორგებული თითოეულ დამკვეთის და მოიჯარის მოთხოვნილებებზე. თუ ვსაუბრობთ, მალფუჭებად პროდუქტებზე, ასეთ შემთხვევაში სხვა ტიპის სამაცივრე საწყობია საჭირო, ხოლო თუ ვსაუბრობთ ჩინური ონლაინ მაღაზიების პროდუქციაზე, მათ სხვა ტიპის სჭირდებათ. შესაბამისად ინვესტიციის მოცულობას დამოკიდებული იქნება მათ მოთხოვნებზე. ეს მოლაპარაკებების პროცესია, თუ ვის რა ტიპის საწყობი ესაჭიროება, მათი საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვრიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.
მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მშრალი პორტის ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და დაიგო რკინიგზის ხაზები.
უახლესი