რითეილ სექტორი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლებას ჯერჯერობით აქციის ფარგლებში ცდილობს. დისტრიბუტორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი პოზიცია აქვს დისტრიბუციასაც, რის შესახებაც მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, საფასო ცვლილება პირველ ეტაპზე საგრძნობია და ეს მიდგომა შენარჩუნდება, სანამ გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.
„გამიჭირდება ლაპარაკი, ზუსტად რა მაჩვენებლით იაფდება პროდუქტები, თუმცა ტენდენცია დაწყებულია. რითეილ სექტორთან ზეპირად შევთანხმდით, რომ პირველ ეტაპზე საგრძნობი ყოფილიყო ცვლილება, აქციების ფარგლებში დაგვეწყო დასტაბილურება ბაზარზე და ასეც ხდება. პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა საუბარი. შესაბამისად, ძირითადი რესურსი ამ მიმართულებით გადავისროლეთ.
კომპანიას, ვთქვათ, თავის პორტფელში თუ აქვს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, ინტენსიურად ხდება აქციების ფარგლებში ფასების კორექტირება როგორც სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე რითეილ სექტორის მხრიდან. ჩათვალეთ, რომ ძირითადი პროდუქტების გაყიდვებზე ამონაგები მინიმალურია. თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, რომელ პროდუქტს რამდენი პროცენტი აკლდება, ყველა კომპანიაში ინდივიდუალურადაა, ვის რისი რესურსიც გააჩნია. სანამ ჩამოვყალიბდებით ასე ვარჩიეთ, სანამ გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავდება“, - ამბობს ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან.
მისი თქმით, რომელი მეთოდიც მისაღები იქნება მომხმარებლისთვის, მხარეებიც საბოლოოდ იმ ვარიანტზე შეჯერდებიან. ,,აქციები და მარკეტინგული მხარდაჭერა პროდუქტის ცნობადობის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გზა თუ უფრო რელევანტური აღმოჩნდება მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისად ვიმსჯელებთ რითეილ სექტორთან ერთად, როცა შესაბამისი კანონპროექტი ამოქმედდება ,,სამართლიან ვაჭრობასთან“ დაკავშირებით, რაც ფასებზე კონტროლს ნამდვილად არ ითვალისწინებს. რა პრობლემაც არის რითეილ სექტორთან მიმართებაში, დარეგულირდება, რაც დადებითად აისახება ცალსახად ფასებსა და მხარეებს შორის ურთიერთობაზეც“, - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რეგულაციები დაწესდება.
უახლესი